19 ნოემბერი 2024,   07:44
ვრცლად
"მოვისმინეთ ბიძინა ივანიშვილისგან გულწრფელი შეფასება... ბუნებრივია, გუნდში გვაქვს ყოველთვის კონსულტაციები" - პრემიერი ივანიშვილის განცხადებებზე

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისა და კრიტიკულ კითხვებზე პასუხების გაცემის შემდეგ საქართველოს პრემიერმა სტრასბურგში ვიზიტი შეაჯამა. მამუკა ბახტაძის თქმით, შეხვედრაზე ევროპელმა დეპუტატებმა საქართველოს მთავრობის რეფორმების პაკეტს ძალიან ამბიციური უწოდეს.

ბახტაძემ თქვა, რომ მათი რეფორმების პაკეტი მართლაც არის ძალიან ამბიციური და შედეგებზე გათვლილი.

მამუკა ბახტაძემ ასევე ისაუბრა ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე, სადაც პარტიის თავმჯდომარემ თქვა, რომ ზოგიერთი მინისტრის მუშაობა არ არის სათანადო, თუმცა პრემიერის საქმიანობა დადებითად შეაფასა.

ბახტაძე ამბობს, რომ გუნდში და პარტიის თავმჯდომარესთან სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე კონსულტაციები ნამდვილად ხშირად იმართება.

„ჩვენ კიდევ ერთხელ, გუშინ მოვისმინეთ ბიძინა ივანიშვილისგან გულწრფელი შეფასება, პოლიტიკური შეფასება მათ შორის საქართველოში არსებულ პოლიტიკურ გარემოსთან დაკავშირებით, იმ გამოწვევებზე რომელიც გვაქვს ჩვენს ქვეყანაში და იმ ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებით, რომელსაც უნდა აერთიანებდეს თითოეულ საქართველოს მოქალაქესა და თითოეულ პოლიტიკურ ძალას.

ბუნებრივია, ჩვენ გუნდში გვაქვს ყოველთვის კონსულტაციები, თქვენ იცით,რომ ჩვენ გვაქვს წარდგენილი ძალიან ამბიციური რეფორმათა პაკეტი, დღესაც თქვენ მოისმინეთ შეფასებები ჩვენი ევროპელი მეგობრების, რომ ჩვენი რეფორმების პაკეტი მართლაც არის ძალიან ამბიციური და შედეგებზე ორიენტირებული.

აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ თვითონ ძალიან შედეგებზე ორიენტირებული მთავრობა და ბუნებრივია ასეთი კონსულტაციები ყოველთვის მიმდინარეობდა და დღესაც მიდის,"-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დღის ამბები