ბიძინა ივანიშვილის განცხადებების პათოსს სრულად იზიარებს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკური მდივანი, ირაკლი ღარიბაშვილი. ღარიბაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ საათ-ნახევრიან ინტერვიუში, ქვეყანაში არსებული მდგომარეობა შეულამაზებლად გადმოსცა.
„ჩემი შეფასება არის ის, რომ ინტერვიუში ყველაფერი იყო ასახული რეალობად. რეალურად იყო წარმოჩენილი ის პრობლემები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს და ზუსტად არის აღწერილი ის რეალობა, რომელიც არის,“- განაცხადა ღარიბაშვილმა.
რაც შეეხება ივანიშვილის მიერ სერიალების გადაღების იდეას, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნულ თემაზე არ საუბრობს.
ივანიშვილმა სატელევიზიო ინტერვიუში ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა, საკმაოდ დიდი დრო დაუთმო ოპოზიციის კრიტიკას. ამას გარდა, „ოცნების“ თავმჯდომარემ ქართულ სერიალებზეც ისაუბრა.
ივანიშვილი ამბობს, რომ მედიასივრცეში არსებული სერიალები გაცილებით გლობალური პრობლემაა, ვიდრე მომავალი არჩევნები. მისივე თქმით, საკითხით მმართველი გუნდის სხვა წევრებიც დაინტერესდნენ და შესაბამისი განხილვები უკვე აქტიურად მიმდინარეობს. კინოწარმოების დაფინანსებას ივანიშვილის "ქართუ ბანკი" აპირებს.