პრემიერმა ძალიან სწორი აქცენტები გააკეთა - ასე პასუხობს თამარ ჩუგოშვილი "ევროპული საქართველოს" წევრის, გიორგი კანდელაკის კრიტიკას, რომელმაც თქვა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მამუკა ბახტაძის გამოსვლით იმედგაცრუებულია.
საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აცხადებს, რომ გიორგი კანდელაკს თავისი დღის წესრიგი აქვს და სურს, რომ მის მოსაზრებებს მიყვეს ხელისუფლება.
„სერიოზულად რამდენად უნდა ვუპასუხო ჩემს კონკრეტულ კოლეგას ოპოზიციიდან. რაღაც თავის წარმოდგენები აქვს ხოლმე ვინ სად რა უნდა ილაპარაკოს ხოლმე აუცილებლად და ახლა მისი დაწერილი დღის წესრიგით და მისი მოსაზრებებით სულ არ არის ვალდებული ვინმე რომ იხელმძღვანელოს. მით უმეტეს ამ ადგილას სრულიად არაადეკვატური და არარელევანტური მგონია მისი წარმოდგენები და მოსაზრებები დასასმელ აქცენტებთან დაკავშირებით. აქცენტები იყო დასმული პრემიერის ძალიან სწორი. ეხებოდა ზუსტად იმას რაზეც ქვეყანას უნდა ესაუბრა გაწევრიანების 20 წლის შემდგომ. უნდა ესაუბრა ქვეყანას ზუსტად იმაზე ერთად რას მიაღწია საქართველომ და ევროსაბჭომ და უნდა ესაუბრა იმ პრობლემებზე რომელიც ჩვენ დაგვრჩა,“-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
გიორგი კანდელაკის შეფასებით, მამუკა ბახტაძემ ვერ გამოიყენა ტრიბუნა იმისთვის რომ დაესვა სწორი აქცენტები.