„ეს ადამიანი ცხოვრობს ილუზიებში, საერთოდ არ უსწორებს თვალს რეალობას და ხალხი ახსენდება მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების წინ,“ - ეს განცხადება, პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მდივანმა, თინათინ ბოკუჩავამ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ინტერვიუს შეფასებისას გააკეთა.
თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ერთადერთ მიზანს არჩევნებისთვის ხმების მობილიზება წარმოადგენს.
„ნაცვლად იმისა, რომ ესაუბრა ხალხის პრობლემებზე და იმაზე თუ როგორ აპირებს მათი პრობლემების მოგვარებას. ეს ადამიანი ცხოვრობს ილუზიებში, საერთოდ არ უსწორებს თვალს რეალობას და ხალხი ახსენდება მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების წინ, იმისთვის, რომ გამოვიდეს და ინადიროს და უკაცრავად ამ გამოთქმისთვის, მაგრამ იმათხოვროს ხმებისთვის. ასე არ იმართება ნორმალური, დემოკრატიული სახელმწიფო და ამას აუცილებლად ნახავს ის შემდეგ არჩევნებზე,“ - ამბობს ბოკუჩავა.
ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ ივანიშვილი განსხვავებულ აზრს ვერ ეგუება და სწორედ ამიტომ აკრიტიკებს მუდმივად ენმ-ის, "რუსთავი 2"-ს და არასამთავრობო ორგანიზაციებს.
„მას სჯერა, რომ თუ გაჩუმდებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, თუ აღარ იარსებებს „რუსთავი 2“ თავის სარედაქციო პოლიტიკით, თუ არ იარსებებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებსაც ის ასევე აკრიტიკებს და ლანძღვას და ქვეყანაში არ იქნება განსხვავებული აზრი, მაშინ ავშენდებით. ეს არის სრულიად არანორმალური წარმოდგენა ზოგადად, რეალობაზე,“ - განცხადა თინა ბოკუჩავამ.
ივანიშვილმა სატელევიზიო ინტერვიუში ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა, საკმაოდ დიდი დრო დაუთმო ოპოზიციის კრიტიკას.
ივანიშვილმა საათნახევრიანი გადაცემის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ სახელი 57-ჯერ ახსენა. ბიძინა ივანიშვილმა სამაუწყებლო კომპანია “სიცრუის ტირაჟირებაში“ რამდენჯერმე დაადანაშაულა, თუმცა პარტიის თავმჯდომარეს გადაცემის მსვლელობისას არგუმენტები არ წარმოუდგენია.