ტრადიციული შტურმი პოლიტიკურ ოპონენტებზე არჩევნების წინ - ბიძინა ივანიშვილის საათ-ნახევრიანმა ინტერვიუმ ადამიანები, რომლებიც ივანიშვილთან წლების განმავლობაში ერთ პოლიტიკურ ბანაკში იმყოფებოდნენ, მის ადეკვატურობაზე დააფიქრა.
ივანიშვილის ყოფილი თანაგუნდელები ამბობენ, რომ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ადეკვატურობის განცდა სრულად დაკარგული აქვს და შექმნილ ვითარებას ვეღარ აღიქვამს. გუბაზ სანიკიძე, რომელიც ივანიშვილის თავდასხმის ერთ-ერთი ადრესატი იყო, ამბობს რომ ივანიშვილს ნერვებმა უმტყუნა, ვეღარ აკონტროლებს რას ამბობს და რას აკეთებს.
ძალაუფლებისთვის ბრძოლა ივანიშვილის მხრიდან რომ ძალიან საშიშ თამაშს დაემსგავსა, ამაზე დღეს ის დეპუტატებიც ალაპარაკდნენ, ვინც "ოცნება" რამდენიმე თვის წინ დატოვა. დემარშით წასული დეპუტატები ამბობენ, რომ ასეთი ბიძინა ივანიშვილი მათ არ უნახავთ და გაბრაზებული ივანიშვილი საშიში გახდა.
ექსპრემიერის ოპონენტების განცხადებით, ოლიგარქის პოლიტიკაში დარჩენის ყოველი დღე ახლა ქვეყნისთვის დამღუპველია. მათი თქმით, ის არაფერზე პასუხიმგებლობას არ იღებს და არც ძალაუფლების დაკარგვა სურს. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ გავლენის დაკარგვის შიშით შეპყრობილი ქვეყნის დეფაქტო მმართველი ყველაფერზე წავა.
ბიძინა ივანიშვილი ინტერვიუს განმავლობაში თავდასხმის რეჟიმში იყო. მთავარ პოლიტიკურ მტრად "ნაციონალურ მოძრაობა" გამოაცხადა. ამტკიცებდა, რომ ყველაფერი, რაც ქვეყნაში ცუდი ხდება ოპოზიციის ბრალია.
ინტერვიუს მიმდინარეობისას "ნაციონალური მოძრაობა" ივანიშვილმა 57 ჯერ ახსენა, თუმცა პრაქტიკულად არც ერთხელ არ უხსენებია რუსეთი, ოკუპაცია და მავთულხლართები. ივანიშვილმა აღიარა, რომ დღეს მისთვის მთავარი დისკომფორტი "რუსთავი 2"-ია. აღიარა, რომ ქვეყნის ყველაზე რეიტინგული არხის რეპორტაჟები საზეპიროებით იცის და არც ის დაუმალავს, რომ ყველაფერი რაც "რუსთავი 2"-ის ეთერში გადის იშიფრება და წერილების სახით ეგზავნება შუშის სასახლეში და ასეთი უკვე 700 გვერდი დაუგროვდა.
საპარლამენტო უმრავლესობა კი მისი ლიდერის ყველა განცხადებას დაეთანხმა. მმართველი პარტიის წევრები ამტკიცებდნენ, რომ პარტიის თავმჯდომარემ სიმართლე ილაპარაკა და ხალხს ქვეყანაში არსებული რეალობა დაანახვა.