ბიძინა ივანიშვილი, რომელიც „ჰეროკრატიის“ დამფინანსებელი და გადაცემა „2020“-ის ავტორია ამბობს, რომ ქვეყნის მთავარი პრობლემა ცუდი, სატელევიზიო გადაცემები და სერიალებია. განცხადება "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ "იმედის" ეთერში, ინტერვიუს დროს გააკეთა.
ქართული ტელესერიალები და ტელეგადაცემები ბიძინა ივანიშვილს არ მოსწონს. ოლიგარქი საზოგადოების და ქართული კინოს გადასარჩენად სერიალების გადაღების დაფინანსების გადაწყვეტილებას იღებს.
ქვეყნის ყოფილი პრემიერი ფიქრობს, რომ ერის მთავარი საფრთხე სერიალები და ტელეგადაცემებია. ორი ტელევიზიის ყოფილი მფლობელი და პოლიტიკური თოქშოუს ექს-წამყვანი, ძალებს ახლა კინოინდუსტრიაში მოსინჯვას.
„ქართლი ოცნების“ ლიდერის პროექტში, ანალიტიკოსებმა დიდი პოლიტიკური განზრახვა დაინახეს. მსოფლიოში აპრობირებული ტაქტიკაა, რომ როდესაც მყიფე დემოკრატიის ქვეყნებში მმართველებს სათქმელი ხალხთან მათი კონტროლირებადი ახალი ამბების გამოშვებით ვეღარ მიაქვთ, საქმეში ერთვებიან რეჟისორები. პოლიტიკური მესიჯებით გაჯერებული ფილმები და სერიალები უცხო არ არის პუტინის რუსეთისთვის.
„ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარემ თქვა, რომ ქართულ კინო ინდუსტრიაში „ქართუ ჯგუფი“ მილიონებს დახარჯავს. მისი ფინანსური თანადგომით კი საქართველოში მდარე ფილმებსა და სერიალებს აღარ გადაიღებენ.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ გადაცემაში ბედნიერების ინდექსის შესახებაც ისაუბრა. გაეროს მიერ მომზადებულ ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც 20 მარტს გამოქვეყნდა, საქართველო 119-ე პოზიციაზეა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ კი განაცხადა, რომ სიაში საფრანგეთი საქართველოს შემდეგაა, რეალურად ანგარიშში ქვეყანა 24-ე ადგილს იკავებს.