19 ნოემბერი 2024,   07:21
ვრცლად
ლობისტებისთვის ბიუჯეტიდან მილიონები დაიხარჯება - "ქართული ოცნება" ამერიკაში იმიჯის გამოსწორებაზე ზრუნავს 

მილიონები ლობისტებისთვის - „ქართული ოცნების“ მთავრობა შეერთებულ შტატებში იმიჯის გამოსწორებაზე ზრუნავს. საქართველო ხელისუფლება 2019 წელს მხოლოდ ამერიკაში, ლობისტურ კომპანიებს 1 710 000 დოლარს გადაუხდის, ბევრად უფრო მეტს ვიდრე წინა წელს.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ლობისტების დაფინანსებას დასავლეთის კრიტიკის პარალელურად ზრდის. რაც უფრო კრიტიკულია პარტნიორების განცხადებები, მის გასანეიტრალებლად ხელისუფლება უფრო მეტ ფულს ხარჯავს.

მხოლოდ ამერიკაში, საქართველოს მთავრობამ მისი ინტერესების ლობირებისთვის წელს სამი კომპანია დაიქირავა. ორს ფულს პირდაპირ პრემიერის ადმინისტრაცია უხდის, მესამე კომპანია გიორგი ქობულიამ დაიქირავა. ეკონომიკის მინისტრს თანხას მთავრობა სარეზერვო ფონდიდან მისცემს. 7 თვეში ლობისტები ეკონომიკის სამინისტროს 750 ათასი დოლარი დაუჯდება. 

უცხოელი კონსულტანტები საქართველოს მთავრობის წევრებს დაეხმარებიან გაიცნონ და შეხვდნენ გავლენიან ამერიკელ პოლიტიკოსებს, მათი ინტერვიუები დაიბეჭდოს ცნობილ დასავლურ გამოცემებში, ასევე საქართველოს მთავრობის წევრებს მოუმზადებენ საკითხებს, ვისთან რა ენით და რა თემაზე ისაუბრონ შეხვედრებზე.

ხელშეკრულებაში წერია, რომ საქართველოს მთავრობის აზრით, ტრამპის ადმინისტრაციის ზოგიერთი ნაბიჯი ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნული ინტერესებს, ამიტომ ლობისტების მისიაა, ამერიკის ხელისუფლება „ქართლი ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკური გზავნილების მართებულობაში დაარწმუნოს.

ოპოზიციას ეჭვი აქვს, რომ საქართველოს მთავრობა ლობისტებს ამერიკაში საქართველოს ეროვნული ინტერესების ლობირებისთვის ფორმალურად ქირაობს, თუმცა რეალურად მათ სთხოვს, რომ ივანიშვილის გუნდს ვაშინგტონში პოზიციების გამყარებაში დაეხმაროს.

4 მილიონ 500 ათას ლარზე მეტს ხელისუფლება ლობისტებს გარანტირებულად მისცემს, თუმცა შესაძლოა დაფინანსება წლის ბოლომდე კიდევ უფრო გაიზარდოს.

ბიძინა ივანიშვილი უცხოეთში ლობისტებს 2012 წლიდან ქირაობს. ხელისუფლებაში მოსვლამდე ივანიშვილმა მათ საკუთარი ჯიბიდან რეკორდული თანხა 5 მილიონი დოლარი გადაუხადა. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი ეს კომპანიები უკვე ბიუჯეტის ფულით დაიქირავა.

 

დღის ამბები