19 ნოემბერი 2024,   07:18
ვრცლად
საქალაქო სასამართლომ სამეფო ტიტულისთვის ბრძოლის საქმის განხილვა შეწყვიტა

ბრძოლა არარსებული სამეფო ტიტულისთვის - საქალაქო სასამართლომ საქმის არსებითი განხილვა შეწყვიტა.

სამოქალაქო დავა საქართველოს სამეფო ოჯახის სახელის უნებართვოდ გამოყენებას ეხებოდა.

სხდომაზე უნდა გამოკითხულიყვნენ, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატის მიერ დასახელებული ისტორიკოსები, რომლებიც დაადასტურებდნენ, რომ სამეფო სახელით სარგებლობის უფლება მხოლოდ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის აქვს.

უცნობია, რა მოტივით უთხრა სამმა მოსამართლემ ანა ბაგრატიონ გრუზინსკის საჩივრის განხილვაზე უარი.

დავით ბაგრატიონ მუხრანელის ადვოკატი, ლევან ჩხეიძე მოსამართლეების გადაწყვეტილებით კმაყოფილია. ადვოკატის თქმით, სასამართლომ ჩათვალა, რომ არანაირი იურიდიული საფუძვლები არ არსებობდა.

„ჩვენ ამას ვიძახდით, რომ საქმე სასამართლომ საერთოდ არ უნდა განიხილოს, არათუ უარი უთხრას. ჩვენი შუამდგომლობაც ამაში მდგომარეობდა, რომ საქმე უნდა შეწყვეტილიყო დავის საგნის არარსებობის გამო. იმიტომ, რომ მოწინააღმდეგეს არ აქვს იურიდიული ინტერესი,“ - ამბობს ადვოკატი.

ადვოკატი იმედოვნებს, რომ ასევე დავით ბაგრატიონ-მუხრანელის სასარგებლოდ დასრულდება მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე, სადაც ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ყოფილ ქმარს ძალადობაში ადანაშაულებს.

ადვოკატი ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის საჩივარს „ჭიქაში ატეხილ ქარიშხლად“ მოიხსენიებს.

აღნიშნულ დავასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ანა ბაგრატიონ გრუზინსკის კომენტარი არ გაუკეთებია. ხოლო, რაც შეეხება, სისხლის სამართლის საქმეს, მან აღნიშნა, რომ ამ საჩივარს ბოლომდე გაყვება.

დღის ამბები