იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ეკა ბესელიას და ვანო ზარდიაშვილს შორის დაპირისპირება მოხდა. „ქართული ოცნების“ წევრმა ყოფილ თანაგუნდელს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვა. ვანო ზარდიაშვილი დაინტერესდა, მოდიოდა თუ არა ეკა ბესელიას მიერ მომზადებული დოკუმენტი კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში.
„კონსტიტუცია, რომელიც ერთხმად მივიღეთ, თქვენი როლი და წვლილი დიდია, ვერ დაგიკარგავ, იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იყავით. ამ კონსტიტუციასთან ხომ არ მოდის თქვენი კანონპროექტი წინააღმდეგობაში?“- მიმართა ზარდიაშვილმა ბესელიას.
ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილს წარსული შეახსენა და აღნიშნა, რომ მიხეილ ჩინჩალაძე ირაკლი კობახიძესთან დაწერილი ფურცლებით მიდიოდა და სასამართლოსთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებებს მისი დირექტივებით ამზადებდნენ.
„ყველაზე კარგ ხასიათზე დამაყენა ბოლო არაჩვეულებრივმა გამოსვლამ. უნდა მოინდომო, რომ ასეთი გენიალობა თქვა, რა. კონსტიტუციური კანონპროექტის ცვლილების პროცესი ჩემს კოლეგებს ახსოვთ, ვინც მუშაობდა, მთლიანად მიჰყავდა პარლამენტის თავმჯდომარეს. შენმა მეგობარმა ჩინჩალაძემ მიუტანა დაწერილი ტექსტი ირაკლი კობახიძეს მის კაბინეტში, სადაც ჩაწერა, რომ იუსტიციის საბჭოს მდივანის კონსტიტუციაში უნდა ეწეროს და დაამატა მათ შორის იქ არჩევის პროცედურა. შენ, ირაკლი კობახიძემ და მიხეილ ჩინჩალაძემ ერთმანეთში გაარკვიეთ ეს ჩანაწერი როგორ გაჩნდა იქ. ჰკითხე ასევე შენს მეგობარ კობახიძეს, რა შენიშვნები მქონდა მე პირადად და რაზე ვათქმევინეთ უარი და ვერ გავატანინეთ და მოგიყვება,“- განაცხადა ეკა ბესელიამ.