გაერთიანებულმა ოპოზიციამ მარნეულში მერობის კანდიდატად აგილ მუსტაფაევი წარადგინა. მოსახლეობას კანდიდატი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ და ნიკა მელიამ წარუდგინეს.
მერობის კანდიდატმა იმ გამოწვევებზე და პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრა, რის წინაშეც დღეს მარნეულის მოსახლეობა დგას. აგილ მუსტაფაევის თქმით, მისი მთავარი ამოცანა მარნეულში კორუფციის აღმოფხვრა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა იქნება.
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ აგილ მუსტაფაევის ენთუზიაზმი და შემართება დღეს მარნეულს როგორც არასდროს ისე სჭირდება. როგორც ნიკა მელია აცხადებს, წარდგენილი კანდიდატი მარნეულს იმ უპერსპექტივო მორევიდან ამოიყვანს, სადაც დღესდღეობით არის ჩაფლული.
„ეს სლოგანი თავად „ახალი თაობა - ახალი მარნეული“ გამომდინარეობს კანდიდატის პერსონიდან. ადამიანი, რომელიც არის ახალგაზრდა ენერგიით სავსე, ამავე დროს კვალიფიციური პროფესიონალი, მიუხედავად მისი ახალგაზრდა ასაკისა და ვფიქრობ ეს შემართება ეს ენთუზიაზმი სჭირდება მარნეულს დღეს როგორც არასოდეს, იმ ყველაფრის საპირწონედ, რაც ხდება „ქართულ ოცნებაში“, ანუ დაჭაობებული, იმედგაცრუებული, უპერსპექტივო მორევი, სადაც არის ჩაფლული მთელი მარნეული,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.
გრიგოლ ვაშაძეს თქმით, აგილ მუსტაფაევი წარმოადგენს იმ ძალას, რომელსაც შეუძლია საქართველო ეკონომიკური დაღმასვლისა და მასობრივი ემიგრაციის პირობებიდან ამოიყვანოს.
„მარნეულში გვყავს არაჩვეულებრივი ახალგაზრდა კანდიდატი. ეს არის ახალგაზრდა თაობის ადამიანი რა თვალსაზრისითაც არ უნდა შეხედოთ, გინდა როგორც საქართველოს მოქალაქეს, გინდა როგორც აზერბაიჯანელს, გინდა როგორც განათლებულ ადამიანს და რაც მთავარი არის, ეს ახალგაზრდა ადამიანი აგილ მუსტაფაევი, წარმოადგენს იმ ძალას, სადაც შეკრებილი არიან პროფესიონალები, სადაც არიან ის ადამიანები, ვისაც საქართველოს ამოყვანა შეუძლია კორუფციის, უძრაობის, ეკონომიკური დაღმასვლის და მასობრივი ემიგრაციის პირობებიდან,“ - აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.