იურდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით მსჯელობდნენ. დეპუტატები ეკა ბესელიას მიერ მომზადებულ კანონპროექტს განიხილავდნენ, თუმცა კომიტეტმა მას მხარი არ დაუჭირა.
ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის სურვილია, რომ სასამართლოში მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის მმართველობა დაკანონდეს.
„არის ერთადერთი „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილით სათავეში, რომელიც გამოდის და ტელევიზიით გვეუბნება, მე რომ გეტყვით, რომ შავზე თეთრია, ბრიყვი ხართ საზოგადოება, ამას თუ არ მიიღებთ. მე რომ გითხარით, რომ მურუსიძე კაი ბიჭი გახდა, ახლა ყველამ დაიჯერეთ, რომ კაი ბიჭია. ან გამოდის კობახიძე და გვეუბნება, რომ ცუდი იყო? მერე რა ახლა კაია, იმიტომ, რომ იმას აღარ ემსახურება. რაღა დროს ის არის, ხელისუფლებაში თქვენ ხართ. იმსჯელეთ, საზოგადოებას ნაცარი აყარეთ თვალებში თქვენ ბიძინა ივანიშვილთან ერთად, მაგრამ პასუხს ამაზე მიიღებთ. ამ კომიტეტზე რომ ჩააგდებთ ამ კანონს თუ სხვა კანონს, თუ გგონიათ, რომ ეგ არის თქვენი გამარჯვება, აი, მაგ გამარჯვებით გაგიმარჯოთ,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ.
„ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასული დეპუტატების შეფასებით, ბიძინა ივანიშვილს ძალაუფლების დაკარგვა არ უნდა და მას სურს, რომ სასამართლო სისტემა სრულად აკონტროლოს.
„აი, ყველაზე მეტი რეპრესია რომ ჰქონდა სააკაშვილს, იმ მოსამართლეებს 2008 წლიდან რომ განსაკუთრებულად ოქტომბრის აქციების მერე გამწარდნენ და დაიწყეს ადამიანების რეპრესია, იმ მოსამართლეებმა, რომლებმაც ეს ყველაფერი გაუფორმეს, მარტო ამ ადამიანებს უტოვებთ სივრცეს, გახდნენ მოსამართლეები. ვის ჰგონია, რომ კენჭისყრა რომ ჩატარდება 18 მოსამართლის, რომელსაც შემოსთავაზეს იუსტიციის საბჭო, ვინმეს მიეცემა იმის საშუალება, თუ ის არ დატოვებს უმრავლესობას, თავისუფალი კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღოს?“- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
დეპუტატების შეფასებით, „ქართული ოცნების“ გარდა, მთელი პოლიტიკური სპექტრი თანხმდება, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი სასამართლო სისტემაში უნდა დასრულდეს.
„თუ ჩვენ, განსაკუთრებით ის ადამიანები, რომლებიც აქეთ მხარეს ვართ და ჯერ კიდევ აქეთ მხარეს ვართ, რომლებიც ძალიან სკეპტიკურად არიან განწყობილნი ამ პროცესის მიმართ და ასეთი ადამიანი ბევრია, ბევრია უმრავლესობაშიც, კიდევ ეს კანონი გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ გავაფართოოთ მოსამართლეების წრე, რომლებიც პოტენციურად იქნებიან იმ გავლენისგან გათავისუფლებული, რომელზეც ვსაუბრობთ,“ - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები დაინტერესდნენ, რა გარანტია არსებობს იმისთვის, რომ სასამართლოში არსებული კლანი „ქართული ოცნების“ დაკვეთებს არ შეასრულებს.
„ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ „ნაცმოძრაობას“ არ მოსწონს ეს მოსამართლეები, არ მოსწონთ იმიტომ, რომ აღარ ასრულებენ „ნაცმოძრაობის“ დაკვეთებს. ახლა ისმის კითხვა, თუ ამ მოსამართლეებს სასამართლო სისტემაში ვტოვებთ, სად არის იმის გარანტია, რომ ხვალ არ შეასრულებენ, თუნდაც „ოცნების“ დაკვეთას?“ - განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, გიორგი ლომიამ.