19 ნოემბერი 2024,   07:45
ვრცლად
ივანიშვილი ცდილობს აბსოლუტურად ღიად მოისყიდოს საქართველოს ეკლესია - ლევან თარხნიშვილი

„ივანიშვილი ცდილობს აბსოლუტურად ღიად მოისყიდოს საქართველოს ეკლესია,“ - ეს განცხადება, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლევან თარხნიშვილმა ბიძინა ივანიშვილსა და ილია მეორეს შორის გამართული შეხვედრის შეფასებისას გააკეთა.

თარხნიშვილი ივანიშვილის მიერ შეხვედრის დროს გაცემულ დაპირებას, როდესაც მან სამების ტაძრის მოხატვის სრულად დაფინანსებისთვის მზაობა გამოხატა, სწორედ შუალედურ არჩევნებს უკავშირებს.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა არჩევნებში დამარცხების საფრთხე იგრძნო და ამის თავიდან აცილების გამო, ყველაფერს აკეთებს.

„არავის არ ეპარება ეჭვი, რომ ეს ემსახურება იმ შუალედურ არჩევნებს, რომელიც იქნება 7 ოლქში და სწორედ იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილმა იგრძნო საფრთხე დამარცხების და იგრძნო ის, რომ ამ დამარცხებიდან დაიწყება მისი საბოლოო დასამარება და მისი რეჟიმის საბოლოო დასასრული, სწორედ ამიტომ, ცდილობს ყველა ხერხს მიმართოს, მათ შორის ამ ხერხსაც, როდესაც ცდილობს აბსოლუტურად ღიად მოისყიდოს საქართველოს ეკლესია,“ - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილსა და ილია მეორეს შორის შეხვედრა  საპატრიარქოში დღეს შედგა, რომელსაც სხვა სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ. როგორც შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, მათ ქვეყანაში არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე ისაუბრეს.

საპატრიარქოს ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი პატრიარქს ასევე, სამების ტაძრის მოხატვის სრულ დაფინანსებას დაპირდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები