"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა დღეს, სანდრა რულოვსის მოსახლეობასთან შეხვედრის ჩაშლა ზუგდიდის სცადეს.
სანდრა რულოვსმა მოსახლეობას კითხვა-პასუხის რეჟიმში წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომლებიც მისი მერად არჩევის შემთხვევაში განხორციელდება.
"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის აქტივისტმა გიორგი გოგინავამ შეხვედრის ჩაშლა მაშინ სცადა, როდესაც სანდრა რულოვსი მოსახლეობას ადგილობრივ პრობლემებზე ესაუბრებოდა. ოპოზიციონერი ლიდერები მიზანმიმართულ პროვოკაციაზე საუბრობენ.
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის აქტივისტი, ერთ-ერთი ზონდერი ვინმე გიორგი გოგინავა, ასე ვთქვათ მოგვივარდა და შეეცადა სანდრას ხალხთან შეხვედრის ჩაშლას. ასეთი პროვოკაციები და ასეთი ადამიანების, კრიმინალების მიერ სანდრას ხალხთან შეხვედრის ჩაშლის მცდელობა, ისევე როგორც დღეს, ყოველთვის დასრულდება მათი კრახით და წარუმატებლობით,“ - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია აცხადებს, რომ მოსახლეობის პროტესტი დადგმული არ არის და ის "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდმა განაპირობა.
„“ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელდა ინფორმაცია თითქოს „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბი გადავიდა პროვოკაციებზე, რაც არის მტკნარი სიცრუე, ეს არის მათი ხელწერა „ნაციონალური მოძრაობის“. სამწუხაროდ ჩვენს მოსახლეობას აქვს მწარე მეხსიერება მათი მმართველობის პერიოდში განხორციელებული დანაშაულებების შესახებ და ბუნებრივია მოსახლეობას გარკვეული კითხვები მათ შორის მწვავე შეკითხვები ექნება „ნაციონალურ მოძრაობასთან“,“ - განაცხადა მამუკა წოწერიამ.