გირგვლიანის საქმეზე ივანიშვილის მხრიდან შალვა შავგულიძის მიმართ გახმოვანებულ უმძიმეს ბრალდებებს მმართველი გუნდის მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არ იზიარებს. ლადო კახაძე ამბობს, რომ მისი კონკურენტი პროფესიონალი ადამიანია და თავს იკავებს შალვა შავგულიძის კრიტიკისგან.
„კეთილშობილი, განათლებული, დახვეწილი პროფესიონალი შალვა შავგულიძე. ვერც ერთ ცუდს და ძვირ სიტყვას ვერ დამაცდევინებთ მარტო მასზე კი არა, არავისზე. გული მწყდება ერთადერთ რამეზე, რომ პოლიტიკური დაავადების მხარეს დარჩა. არსებობს დაავადება, არსებობს დაავადებული, დაავადებას ერთი სული აქვს დაავადოს კიდევ სხვები და დაავადებულს ერთი სული აქვს გამოჯანმრთელდეს,“ - განაცხადა ლადო კახაძე.
ივანიშვილის მხრიდან შალვა შავგულიძის მისამართით გახმოვანებულ ბრალდებებს მმართველი გუნდის სხვა წევრები სრულად არ იზიარებენ.თბილისის მერი, კახა კალაძე ივანიშვილის განცხადებებს განმარტავს და ამბობს, რომ „ოცნების“ ლიდერმა ბრალი კი არ დასდო, არამედ ყურადღება მხოლოდ იმ ფაქტზე გაამახვილა, რომ შალვა შავგულიძემ სასამართლოს გადაწყვეტილება ზემო ინსტანციაში არ გაასაჩივრა.
„არ უთქვამს, რომ დამნაშავე იყო. მან ყურადღება გაამახვილა, როდესაც გასაჩივრება არ მოხდა, ამ კონკრეტულ ფაქტზე იქნა გამახვილებული, ეს იყო და ეს,“ - განცხადა კალაძემ.
კალაძის განმარტებას იმეორებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, არჩილ თალაკვაძეც. მისი თქმით, ივანიშვილმა მხოლოდ და მხოლოდ აღნიშნა, რომ შავგულიძის მიერ „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ევროპული საქართველოს“ საერთო საარჩევნო ბლოკის კანდიდატად წარდგენის გადაწყვეტილება, კითხვებს აჩენს.
„მე მესმის, რომ ჩასაფრებული ადამიანების მხრიდან, ამ სატელევიზიო გამოსვლას სხვადასხვა ინტერპრეტაცია მოჰყვა, მაგრამ შეუძლებელია, რომ გადავაკეთოთ ის, რაც ძალიან პირდაპირ იყო მისი მხრიდან ნათქვამი. მან თქვა, რომ კითხვებს იწვევს და გაუგებარია, როდესაც ბატონ შალვა შავგულიძეს ვხედავთ იმ ადამიანების გვერდით, ვინც პირდაპირ არიან პასუხისმგებელი სანდრო გირგვლიანის ტრაგიკულ ისტორიასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა თალაკვაძემ.
ივანიშვილმა იურისტს უმძიმესი ბრალდება წაუყენა და სანდრო გირგვლიანის ოჯახის ადვოკატობის პარალელურად, წინა ხელისუფლებასთან გარიგებაში დაადანაშაულა.
ტელეინტერვიუს დროს ივანიშვილი მაყურებლის დარწმუნებას ცდილობდა იმაში, რომ გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულების მსუბუქი სასჯელი არა მოსამართლე ლევან მურუსიძის, არამედ ადვოკატ შავგულიძის ბრალი იყო.