19 ნოემბერი 2024,   07:31
ვრცლად
„რუსთავი 2“-საც მივამხე“ - "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა ლადო კახაძემ საარჩევნო კამპანია ჟურნალისტებთან დაპირისპირებით დაიწყო

„ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლადო კახაძემ, საარჩევნო კამპანია ჟურნალისტებთან დაპირისპირებით დაიწყო. ერთი საათის წინ, ივანიშვილის პარტიამ კახაძე მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა. პირველივე შეხვედრის შემდეგ კი კანდიდატი ჟურნალისტების კითხვებმა შეაწუხა და მედიას ურჩია, რომ უფრო მეტად განვითარდნენ, თუმცა ინციდენტი ამით არ ამოწურულა და მოგვიანებით კახაძემ აგრესია „რუსთავი 2“-ის მიმართ გამოიჩინა.

მაჟორიტარობის კანდიდატი მაშინ გაღიზიანდა, როდესაც „კურიერი“ დაინტერესდა, რა შეიცვალა მას შემდეგ, როდესაც ის „ოცნებას“ აკრიტიკებდა.

„განა იმის მოწინააღმდეგე ვარ, რომ ვინმემ კითხვა არ დამისვას, რამდენიც გინდათ დამისვით, უბრალოდ არ იღლებით ერთი და იგივე კითხვის დასმით? ეს არის საწყენი, თორემ მე სულ მგონია, რომ ჟურნალისტიკა არის შემოქმედების ზენიტი. ასე დოგმაში როგორ დარჩით ზოგიერთები. ცოტა განვითარდით გეხვეწებით რა“ - განაცხადა ლადო კახაძემ.

ინტერვიუს დასრულების შემდეგ, ლადო კახაძემ განაცხადა, რომ ის „რუსთავი 2“-ს სათანადოდ გაუსწორდა. კახაძემ ტელეკამერების მიღმა გამოიყენა ფრაზა - „რუსთავი 2“-საც მივამხე“. 

„კურიერმა“ ლადო კახაძეს სთხოვა დაეკონკრეტებინა, რას გულისხმობდა ის საკუთარ სიტყვებში, თუმცა, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა საკუთარი სიტყვები უარყო. 

„მე არ მითქვამს და თქვენ თუ ესე ჩათვალეთ... ყველას ვუთხარი, ერთი და იგივე შეკითხვებით თუ არ დაიღალეთ-მეთქი. ეს არის. მე შემოქმედათ გიყურებთ და ერთი და იგივე დოგმაა. არაფერი არ მითქვამს ისეთი, რომელიც საწყენად უნდა მიიღოს რუსთავი 2-მა ან რუსთავი 2-ს შეუძლია მე რამე მაწყენინოს, ან მე რუსთავი 2-ს. მე მასთან გასაყოფი არაფერი არ მაქვს“ - ამბობს კახაძე.

 

 

 

 

დღის ამბები