ოპოზიციამ გაასაჯაროვა ფოტო მტკიცებულებები, რომლითაც დგინდება, რომ სანდრა რულოვსის საარჩევნო კამპანიის ჩაშლას პოლიციის თანამშრომლები ცდილობდნენ.
ოპოზიციის მტკიცებით, ამ პროცესს ზუგდიდის პოლიციის უფროსის მოადგილე ლაშა მურღულია ხელმძღვანელობდა. ხელისუფლების ოპონენტებმა ის მანქანა გადაიღეს, საიდანაც სანდრა რულოვსს უთვალთვალებდნენ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ანა წითლიძის თქმით, სწორედ ამ დროს გაუგზავნა ზუგდიდის პოლიციის მაღალჩინოსანმა თანამშრომლებს ოპოზიციის მისამართით შეურაცხმყოფელი შეტყობინებები.
„ახლა შეგიძლიათ ნახოთ ავტომობილი, რითაც ისინი გადაადგილდებოდნენ. ერთ-ერთი არის სამხარეო პოლიციის თანამშრომელი ალიკა კვარაცხელია და შემდეგ უკვე დანარჩენი ფოტოები არის ჩვენ მიერ გადაღებული ნარაზენში. ხედავთ ფოტოებზე, რომ ესენი არიან ფორმის გარეშე. ეს არის გია ყალიჩავა, რომელიც არის ნარაზენის პოლიციის უფროსი და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, როგორი პოლიტიზირებულია პოლიცია, რომ ნარაზენის პოლიციის უფროსი საშკა მალაშხია, რომელიც არის ერთ-ერთი აქტივისტი, განსაკუთრებული აგრესიულობით რომ გამოირჩევა ისეთი ქართული ოცნების," - ამბობს წითლიძე.
საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, მიმოწერით დასტურდება, რომ ლაშა მურღულია სამართალდამცავებს მითითებებს აძლევს.
„აქ არის მიმოწერა ლაშა მურღულიასთან. ლაშა მურღულია არის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე და ეს არის მობილური ალიკა კვარაცხელიასი მანქანიდან. ლაშა მურღულია აძლევს მას დავალებას და ეუბნება ასეთ რაღაცას, რომ აქ ჩანს, რომ პირდაპირ კანდიდატზე ხორციელდება თვალთვალი - მაშინ გამოვალ და გამოსასვლელთან დავდგებით, აქ გამოივლიან,“ - ამბობს წითლიძე.
სამართალდამცავების მხრიდან გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატზე განხორციელებულ თვალთვალზე საუბრობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნუგზარ წიკლაური. მისი თქმით, გუშინ, ზუგდიდში მთელი დღის განმავლობაში სანდრა რულოვსს პოლიციელები უთვალთვალებდნენ.
„საღამოს უკვე მათ შეემატნენ კრიმინალად გადაქცეული პოლიციელები, რომლებიც დასდევდნენ ქალბატონ სანდრა ელისაბედ რულოვსს, უთვალთვალებდნენ. ეს ქმედებები არის მიმართული პოლიტიკური პროცესის ჩასაშლელად ზუგდიდში, მიმართული არის ხელისუფლების გარდაუვალი მარცხის შესაჩერებლად,“ - განაცხადა წიკლაურმა.
ოპოზიცია ამტკიცებს, რომ შეშინებული ხელისუფლება ზუგდიდში ოპოზიციური კანდიდატის დევნისთვის ყველა მეთოდს იყენებს.