"ეს იყო ქუჩაში მომხდარი ინციდენტი და შელაპარაკება,“- ასე ეხმაურება ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებსა და ოპოზიციის წევრების დაკავებას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. თამარ ჟვანიას თქმით, ინციდენტი შესაძლოა, არჩევნებს არ უკავშირდებოდა და ის საარჩევნო კამპანიის ღონისძიებაზე არ მომხდარა.
ცესკოს თავმჯდომარე ყველა მხარეს მოუწოდებს, რომ წინასაარჩევნო პროცესში სიმშვიდე შეინარჩუნონ და ინციდენტებისგან თავი შეიკავონ.
„კამპანია დიდი ხანია, დაწყებულია და კარგი ამბავია, რომ ჯერჯერობით საარჩევნო ადმინისტრაციაში არცერთი საჩივარი და დავა არ ყოფილა ამ საკითხებთან დაკავშირებით. რაც შეეხება გუშინდელ ინციდენტს, ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, ეს რ ყოფილა საარჩევნო საღონისძიებო, საარჩევნო საკამპანიო ღონისძიებაზე მომხდარი ინციდენტი. ეს იყო ქუჩაში მომხდარი ინციდენტი და შელაპარაკება, რომელიც პირდაპირ შეიძლება არჩევნების ღონისძიებას არ უკავშირდებოდა, მაგრამ მინდა, ვთხოვო ყველა ჩართულ მხარეს, როგორც დღეს მოვედით მშვიდად და აქამდე არანაირი დავა და პრობლემა არ გვქონია, ყოველგვარი ძალადობისგან შორს, ისე ჩავატაროთ არჩევნები,“ - განაცხადა თამარ ჟვანიამ.
ზუგდიდში წინასაარჩევნო კამპანია იძაბება. სამართალდამცველებმა ოპოზიციის წევრები ინციდენტის დროს დააკავეს, რომელიც სოფელ ნარაზენში მოხდა.
დასახლებაში საარჩევნო შეხვედრებისთვის გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი იყო ჩასული, რომლის გადაადგილებას დაუდგენელი პირები უთვალთვალებდნენ.
ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები შეეცადნენ, გაერკვიათ, ვინ იყვნენ უცნობები ოპონენტები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ მათი პოლიტიკური დევნა დაიწყო.