ძალადობა და დაპირისპირება სამეგრელოში - ზუგდიდში წინასაარჩევნოდ განვითარებულ მოვლენებს გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები გმობენ და ხელისუფლებას არჩევნების კონკურენტულ გარემოში ჩატარებისკენ მოუწოდებენ.
პარტია „ემსახურე საქართველოს“ დამფუძნებელი, მურმან დუმბაძე ზუგდიდში ენმ-ის წევრების დაკავებას აკრიტიკებს. ოპოზიციის წარმომადგენელი ხელისუფლების ამ ქმედებას, სანდრა რულოვსის მაღალი რეიტინგის შიშით ხსნის.
„ასეთი პროვოკაციები და ამ გზით სიარული ხელისუფლებისთვის იქნება ძალიან საზიანო... სამეგრელო და განსაკუთრებით, ზუგდიდი მხარს უჭერს სანდრა რულოვსს. მე დარწმუნებული ვარ, რომ სანდრა რულოვსი იქნება ზუგდიდის მერი,“ - განაცხადა დუმბაძემ.
ხელისუფლებას რომ არჩევნებში დამარცხების ეშინია და ამის პრევენციისთვის ყველა ღონეს მიმართავს, ამაზე საუბრობს ოპოზიციური პარტიების გაერთიანების ”ძალა ერთობაშია"-ს ერთ-ერთი ლიდერი, ბაჩუკი ქარდავა. ქარდავა ამბობს, რომ ხელისუფლება ოპოზიციონერი კანდიდატის და მისი საარჩევნო შტაბის წევრების თვალთვალზეა გადასული.
„მე ნამდვილად მეგონა, რომ ხელისუფლება შეეცდებოდა უფრო გონივრულად მოქცეულიყო და უფრო თავი შეეკავებინა ისეთი ქმედებებისგან, რაც გუშინ ვიხილეთ. გუშინდელი ხელისუფლების ქმედება იყო არაადეკვატური, მწყობრიდან გამოსული, ძალაუფლების დაკარგვით შეშინებული ხელისუფლების უაზრო ქმედებები. ფაქტობრივად, მიმდინარეობს თვალთვალი კანდიდატის, თვალთვალი შტაბის წევრების,“ - განაცხადა ქარდავამ.
ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავების გამო ხელისუფლებას აკრიტიკებს ოპოზიციური პარტიების გაერთიანების ”ძალა ერთობაშია” წევრი, გიორგი თევდორაძეც. მისი შეფასებით, ხელისუფლება აგონიაშია.
„ეს არის განწირული ხელისუფლების აგონიური ქმედება, ივანიშვილის არაფორმალურმა რეჟიმმა ამოწურა პატივისცემის და ნდობის რესურსი. ის გადავიდა დაშინების და ძალადობის მეთოდზე, მაგრამ მე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, ეს ნამდვილად არ გავა, თან ისეთ მაღალ კულტურულ რეგიონში, როგორიც სამეგრელოა და ისეთ ქალაქში, როგორიც ზუგდიდია,“ - ამბობს თევდორაძე.
ოპოზიციური პარტიების გაერთიანების ”ძალა ერთობაშია” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მაჭუტაძე კი ზუგდიდში ოპოზიციონერი კანდიდატის გამარჯვებაში დარწმუნებულია.
„აცნობიერებს რა ივანიშვილის რეჟიმი იმას, რომ მისი დემონტაჟი იწყება ზუგდიდიდან, ვარდება პანიკაში, მიმართავს რეპრესიულ მეთოდებს, მიმართავს პროვოკაციებს, მიმართავს უკანონო მოქმედებებს ოპოზიციის წინააღმდეგ, საზოგადოების, კამპანიის წინააღმდეგ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი გარდაუვალი გამარჯვებით, რომელიც 19 მაისს გაფორმდება ქალაქ ზუგდიდში, არიან შეშინებულები,“ - განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.