19 ნოემბერი 2024,   07:35
ვრცლად
ბოდიში ტერენტი გრანელს, ხიდან ხეზე აუცილებლად გადაფრინდება ჩიტი - ბათუმის საკრებულოში მომხდარი ჩხუბის მთავარი გმირი განმარტებებს აკეთებს

„პოეტიც არის და პროზაიკოსიც“ - ასეთია ბათუმის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის პასუხი მედიის წარმომადგენლების კითხვაზე ვინ არის ტერენტი გრანელი. სხდომაზე ხმაურის და ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი სწორედ ეს შეკითხვა გახდა, რომელიც "ქართული ოცნების" დეპუტატ ირაკლი პატარიძეს, ენმ-ს წევრმა მას შემდეგ დაუსვა, რაც განათლების კომისიის თავმჯდომარემ მოხსენებისას ტერენტი გრანელი პროზაიკოსად მოიხსენია.

საკრებულო ტერენტი გრანელის ძეგლის დადგმის საკითხს განიხილავდა. ოპოზიციის წევრის შეკითხვა ირაკლი პატარიძისთვის გამაღიზიანებელი აღმოჩნდა. რასაც გინება და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

ხმაურიანი სხდომის დასრულების შემდეგ ირაკლი პატარიძემ განაცხადა, რომ ტერენტი გრანელი პოეტიც არის და პროზაიკოსიც. 

„პოეტიც არის და პროზაიკოსიც, მაგრამ მე მინდა ტერენტი გრანელს მოვუხადო ბოდიში და საზოგადოებას მინდა მოვუხადო ბოდიში, რომ დღევანდელი საღამო არ გამოგვივიდა მშვიდი. მაგრამ ხიდან ხეზე აუცილებლად გადაფრინდება ჩიტი,“-განაცხადა ირაკლი პატარიძემ.

ვინ იყო ტერენტი გრანელი, ამ შეკითხვაზე პასუხს თავი ხმაურიანი სხდომის შემდეგ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაც აარიდა.

„ფილოლოგები უკვე მიწყობთ გამოცდას, არ გამოვა. მე როგორ ვფიქრობ ეგ ჩემი ფიქრებია და თემასთან რა შუაშია. სხვა კითხვები გაქვთ? არ იყო ჩხუბის მთავარი მიზეზი ეს. ორჯერ შესვენება გამოვაცხადე,“-განაცხადა სულიკო თებიძემ.

შეგახსენებთ, რომ ფიზიკური დაპირისპირების დროს დაშავდა ენმ-ს წევრი როინ ზოიძე. მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები