„ქართულ ოცნებას“ ეშინია და სამართლიანად ეშინია არჩევნების,“ - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე სამეგრელოში განვითარებულ მოვლენებსა და ოპოზიციის წევრების დაკავებას.
მისი აზრით, ხელისუფლება შეშინებულია, რაც გუშინდელმა მოვლენებმაც დაადასტურა. დავით ბაქრაძის თქმით, პოლიციის მთავარი დავალება პოლიტიკური ოპონენტების დევნა გახდა.
„ქვეყანაში, სადაც ყოველ დღე მატულობს კრიმინალი, პოლიციის მთავარი დავალება გახდა პოლიტიკური ოპონენტების დევნა და ივანიშვილის სასახლის დაცვა. ეს არის პოლიციის დანგრევა, ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტების დაზიანება „ქართული ოცნების“ მხრიდან. მაგრამ რაც არის მთავარი. ეს არის შიშის გამოხატულება. „ქართულ ოცნებას“ ეშინია და სამართლიანად ეშინია არჩევნების. იმიტომ, რომ ისინი აუცილებლად წააგებენ არჩევნებს, მაგრამ მინდა, ვუთხრა, პოლიციის ძალით მოგებული არჩევნები არ არსებობს. რაც უფრო მეტად ცუდად მოიქცევიან დღეს, რაც უფრო მეტად დააზიანებენ საარჩევნო პროცესს, აც უფრო მეტად ჩამოშლიან სახელმწიფო ინსტიტუტებს საკუთარი პარტიული ინტერესისთვის, მით უფრო გარდაუვლად და მწარედ წააგებენ ხვალ,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ზუგდიდში წინასაარჩევნო კამპანია იძაბება. სამართალდამცველებმა ოპოზიციის წევრები ინციდენტის დროს დააკავეს, რომელიც სოფელ ნარაზენში მოხდა.
დასახლებაში საარჩევნო შეხვედრებისთვის გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი იყო ჩასული, რომლის გადაადგილებას დაუდგენელი პირები უთვალთვალებდნენ.
ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები შეეცადნენ, გაერკვიათ, ვინ იყვნენ უცნობები ოპონენტები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ მათი პოლიტიკური დევნა დაიწყო.