აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს მიერ არხის დირექტორის ნათია კაპანაძის გადადგომის მოთხოვნას, ოპოზიცია კრიტიკით ეხმაურება.
პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ საბჭოს წევრების მოთხოვნა ხელისუფლების ინტერესებს ემთხვევა, რადგან „ოცნებისთვის“ აჭარის ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა მიუღებელია.
„ხელისუფლებამ ვერ აიტანა ის სარედაქციო დამოუკიდებლობა, რაც აქვს აჭარის ტელევიზიას, რაც არის მისასალმებელი და ეს არის დამსახურება მისი ხელმძრვანელობის და პირველ რიგში, მისი დირექტორიას. მათ შეიკედლეს ისეთი გადაცემები, რომლებიც გაყარა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, იგივე „რადიო თავისუფლების“ გადაცემები, რომელსაც ვერ იტანდა ხელისუფლება,“ - ამბობს რომან გოცირიძე.
არხის დირექტორის ნათია კაპანაძის გადადგომის მოთხოვნით გიგა ჩხარტიშვილმა და ირაკლი დარცმელიძემ მრჩეველთა საბჭოს განცხადებით 10 აპრილს მიმართეს. ირაკლი დარცმელიძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კვოტით არის არჩეული.
ამასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს რომან გოცირიძე და აღნიშნავს, რომ აღნიშნული ადამიანები „ოცნებამ“ გადაიბირა.
„რაც შეეხება იმას, რომ ერთ-ერთი წევრი საბჭოში არის წარდგენილი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. სამწუხაროდ, ესენი არ არიან პარტიული კადრები და არ არიან ვალდებულები, რომ დაემორჩილონ რომელიმე პარტიის დირექტივას. მაგრამ ერთი რამ ფაქტია, რომ ეს ადამიანები გადაიბირა „ქართულმა ოცნებამ.“ ჩვენ მივმართავთ ყველა სამართლებრივ გზას, რომ ეს ადამიანი, რომელიც ჩვენ მიერ იყო წარდგენილი, გამოწვეული იყოს აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოდან,“ - განაცხადა გოცირიძემ.
ოპონენტების კრიტიკა მმართველი გუნდის წევრებისთვის სრულად მიუღებელია. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, ცოტნე ანანიძის თქმით, ხელისუფლების ინტერესებში საერთოდ არ შედის თავისუფალი მედიისთვის პრობლემების შექმნა.
„პროცესი არ შედის ხელისუფლების ინტერესში, არ შედის იმიტომ, რომ ოპონენტებს მიეცათ სხვადასხვა ინტერპრეტაციის ან განცხადებების გაკეთების შესაძლებლობა და სწორედ ჩვენს ინტერესში არ შედის ეს, რომ თავისუფალ მედიას რაიმე პრობლემა შეექმნას და ეს იყოს ხელისუფლების ავტორობით. თქვენ იცით, რომ ჩხარტიშვილთან ერთად არის დარცმელიძე, რომელიც ენმ-ის მიერ იყო წარდგენილი თავის დროზე და რომელმაც საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოიპოვა უფლება გამხდარიყო საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრი. ყველა პოლიტიკოსი უნდა ძალიან დელიკატურად მოეპყროს იმიტომ, რომ ნებისმიერი ჩვენი განცხადება შესაძლებელია ზემოქმედებად იქნას აღქმული,“ - განაცხადა ცოტნე ანანიძემ.