„ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი აგრძელებს სხვადასხვა მიმართულებით თავისუფალ მედიაზე შეტევას და ეს არავისთვის გასაკვირი არ არის,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველო - რეგიონების“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა გააკეთა.
ჭიაბერაშვილი აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს ორი წევრის მიერ არხის დირექტორის, ნათია კაპანაძის გადადგომის მოთხოვნას გამოეხმაურა.
ზურაბ ჭიაბერაშვილი აღნიშნულ გადაწყვეტილებას მოახლოებულს შუალედურ არჩევნებს უკავშირებს და ამბობს, რომ ხელისუფლებისთვის აჭარის ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკა მიუღებელია.
„ყოვლად დაუშვებელია, რომ ახლა იმ ტელევიზიის ხელმძღვანელი, რომელიც ობიექტურად და მიუკერძოებლად აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, როგორც ამას მედია ექსპერტები აფასებენ და როგორც მაყურებელი ხედავს, ასეთი ადამიანი გათავისუფლებული იყოს სამსახურიდან მხოლოდ იმიტომ, რომ არ ატარებს ბიძინა ივანიშვილის იმ ხაზს, რომელიც მიმართულია ჩვენი საზოგადოების გახლეჩაზე, დაპირისპირებაზე, ზიზღისა და სიძულვილის გაღვივებაზე,“ - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.