19 ნოემბერი 2024,   07:37
ვრცლად
"ცდილობენ ხელი შეუშალონ კამპანიას, მაგრამ ამას ვერ მიაღწევენ" - ზუგდიდის ინციდენტის დროს დაკავებულიების სასამართლო პროცესი 18 აპრილს ჩაინიშნა

სანდრა რულოვსის საარჩევნო კამპანიის დროს დაკავებული ენმ-ს ზუგდიდის საკრებულოს წევრის ანი წითლიძისა და პარტიის პრესსამსახურის უფროსის გიორგი პატარაიას საქმეზე სასამართლო 18 აპრილს იმსჯელებს. გამოძიება მათ წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება.

ანი წითლიძის თქმით, მას დღეს დაუკავშირდნენ სამართალდამცავები და განყოფილებაში მისვლა სთხოვეს. თუმცა ენმ-ს წევრი აცხადებს, რომ ის არ აპირებს მივიდეს სამმართველოში და გამომძიებლებს პარტიის რაიონულ ორგანიზაციაში იბარებს.

„დაგვირეკეს სამმართველოდან და გვითხრეს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი უნდა შედგეს და მივიდეთ სამმართველოში. რაზეც ვუპასუხეთ, რომ ჩვენ გვაქვს საარჩევნო კამპანია და ამიტომ მობრძანდნენ თვითონ იმიტომ, რომ ეს არის საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა. შემდეგ ადვოკატის ხელით გამოგვიგზავნეს საქმე და ახლა ველოდებით, როდის ჩაინიშნება ჩვენი სასამართლო. გვედავებიან დაუმორჩილებლობას, წვრილმან ხულიგნობას და სიტყვიერ შეურაცხყოფას. ყველა ეს პროცესი  უკავშირდება საარჩევნო პროცესის ხელის შეშლას და ემსახურება ჩვენს განეიტრალებას რაც მათ არ გამოუვათ,“-განაცხადა ანა წითლიძემ.

გაირკვა, რომ ანა წითლიძისთვის და გიორგი პატარაიასთვის ბრალი დაკავებისას არ წაუყენებიათ. მათ პოლიციის ისე დატოვეს რომ რას ედავებოდა გამოძიება არ იცოდნენ.

„საერთოდ ბრალი რომ იყო წაყენებული ესეც დღეს გავიგეთ. სამმართველოდან დაგვირეკეს. გუშინ არანაირი მსგავსი რა მომხდარა უბრალოდ გამოკითხვა მოხდა. ვუკავშირებთ იმას, რომ ისინი ცდილობენ ხელი შეუშალონ ზუგდიდში კამპანიას მაგრამ ამას ნამდვილად ვერ მიაღწევენ. ეს კამპანია მივა ბოლომდე. მივა გამარჯვებამდე. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ ამ მდგომარეობამდე ჩაიგდო თავი, როდესაც იმას კი არ აკეთებს რომ იმ მოქალაქეებს რომლებიც ზუგდიდში ცხოვრობენ უკეთესი მომავალი შეუქმნან. არიან დაკავებულები იმით რომ ხელი შეუშალონ ოპონენტებს პოლიტიკურ საქმიანობაში," - აცხადებს გიორგი პატარაია.  

შეგახსენებთ, რომ ინციდენტი სამეგრელოში გუშინ მოხდა. ვითარება ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენში მას შემდეგ დაიძაბა, რაც მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი, მოსახლეობასთან შეხვედრას მართავდა. მთელი დღის განმავლობაში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატს სპეცსამსახურების თანამშრომლები უთვალთვალებდნენ. დღის ბოლოს შეხვედრაზე მათ ოპოზიციის წარმომადგენლებმა საბუთების წარდგენა მოსთხოვეს და დახმარებისთვის საპატრულო პოლიცია გამოიძახეს რასაც დაპირისპირება მოჰყვა. სამართალდამცავებმა სამი პირი დააკავეს, მათგან ერთის  მანუჩარ ჩხეტიას სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.  

ამავე თემაზე
დღის ამბები