აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას 15 არასამთავრობო ორგანიზაცია ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მესამე სექტორი მკვეთრად უარყოფითად აფასებს მრჩეველთა საბჭოს ორი წევრის ინიციატივას, რომელიც არხის დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტს გულისხმობს.
მესამე სექტორი იმედს გამოთქვამს, რომ საბჭოს წევრები, გიგა ჩხარტიშვილი და ირაკლი დარცმელიძე, ამ პროცესებიდან გამომდინარე კარგად აცნობიერებს იმ ზიანს, რომელიც შეიძლება ამ პროცესებისგან მიადგეს, როგორც მედია საშუალებას, ისე მედია გარემოს.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმედს გამოთქვამენ, რომ ეს პროცესები გამჭვირვალედ წარიმართება.
„არასამთავრობო ორგანიზაციები მკვეთრად უარყოფითად ვაფასებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ორი წევრის ინიციატივას, ტელევიზიის დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შესახებ.
"აჭარის ტელევიზია და რადიო ნათია კაპანაძის დირექტორობის პერიოდში არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი ავტორიტეტული ორგანიზაციის მხრიდან შეფასდა, როგორც თავისუფალი, მიუკერძოებელი და მზარდი ინსტიტუტი, მკვეთრად პოლარიზებულ და პოლიტიზირებულ მედიაგარემოში.
"დირექტორის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას კარგად უნდა იყოს გათვითცნობიერებული ის ზიანი, რაც მიადგება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და მედიის თავისუფლებას. იმედს გამოვთქვამთ, რომ მრჩეველთა საბჭოს სხვა წევრები გამოიჩენენ კეთილგონიერებას და დაიცავენ არხის სარედაქციო დამოუკიდებლობას.
"არასამთავრობო ორგანიზაციები ყურადღებით ვაკვირდებით აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე პროცესებს და იმედს გამოვთქვამთ, რომ განხილვა იქნება საჯარო და საზოგადოებას მიეცემა საშუალება ჩაერთოს ამ პროცესებში,“ - აღნიშნულია განცხადებაში.