„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ თანამდებობის პირები პოსტებს საკუთარი კეთილდღეობისთვის უყენებენ. კვლევის შედეგებით ირკვევა, რომ კორუფციის ინდექსი ქვეყანაში პიკზეა.
მოსახლეობის იმ ნახევრიდან, ვისაც მიაჩნია, რომ თანამდებობის პირები უფლებამოსილებას ბოროტად იყენებენ, 91% ფიქრობს, რომ მათ ძალაუფლება ახლობლების დასასაქმებლად სჭირდებათ. 86 %-ის აზრით, სახელმწიფო სამსახურიდან ისინი ბიზნესებს მფარველობენ. 79% მიიჩნევს, რომ ბიუჯეტის ფულს არამიზნობრივად ხარჯავენ. 58%-ის აზრით კი, თანამდებობის პირები ქრთამს იღებენ.
ოთარ ფარცხალაძე კვლევაში პერსონალურად მოხვდა. არასამთავრობო ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ის ელიტური კორუფციის სიმბოლოა. გამოკითხულთა 48% ფიქრობს, რომ ყოფილ მთავარ პროკურორს ხელისუფლება მფარველობს. 41% კი დარწმუნებულია, რომ ოთარ ფარცხალაძე კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობს. 38%-ის აზრით, ყოფილი მთავარი პროკურორი ივანიშვილთან დაახლოებული პირია და საქმეებს არაფორმალურად აგვარებს. მოქალაქეების 30%-ს დღესაც სჯერა, რომ ფარცხალაძე პროკურატურის არაფორმალური მმართველია.
„კურიერი“ ოთარ ფარცხალაძეს ტელეფონით დაუკავშირდა. „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს ყოფილი მთავარი პროკურორის ტელეფონის მის ნომერზე უპასუხეს, თუმცა მამაკაცი, რომელიც ესაუბრა, ამტკიცებდა, რომ ფარცხალაძე არ არის.
კვლევას არ ენდობა ხელისუფლება. „ქართულ ოცნებაში“ გამოკითხვის მხოლოდ იმ ნაწილს იზიარებენ, სადაც ხალხი მიიჩნევს, რომ სამთავრობო უწყებებში ნეპოტიზმია. ირკვევა, რომ ქვეყნის მოსახლეობას საჯარო სამსახურში დასაქმების მთავარ პირობად ნაცნობობა მიაჩნია.
კვლევის შედეგები კითხვის ნიშნებს არ იწვევს ოპოზიციისთვის. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილი დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში კორუფციის სათავე ბიძინა ივანიშვილია.