აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ვახტანგ ყოლბაიას, სავარაუდოდ, რუსლან აბაშიძე შეცვლის.
შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე სალომე ზურაბიშვილის კადრად სახელდება. მან პრეზიდენტობის კანდიდატი არჩევნების წინ 60 ათასი ლარით დააფინანსა. პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიაში აქტიურად მონაწილეობდა მისი მეუღლე - მოდელი თაკო ჩხეიძეც.
იმის გასარკვევად, დაიკავებს თუ არა რუსლან აბაშიძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას, კურიერი აბაშიძეს დაუკავშირდა.
მან რუსთავი2-თან სატელეფონო ინტერვიუში ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო. მისი თქმით, ამ მიმართულებით გარკვეული კონსულტაციები მიმდინარეობს.
„ვერც უარვყოფ და ვერც ვადასტურებ იმიტომ, რომ რაღაც კონსულტაციები მიმდინარეობს ამ მიმართულებით აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსთან,“ - განაცხადა კურიერთან სატელეფონო საუბრისას რუსლან აბაშიძემ.
ინფორმაციის გადასამოწმებლად რუსთავი2 ვახტანგ ყოლბაიასაც ესაუბრა.
როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ჯერ კიდევ მოქმედმა თავმჯდომარემ აღნიშნა, მისთვის ეს ინფორმაცია ცნობილი არ არის. ყოლბაიას თქმით, საკითხი უმაღლესი საბჭოს გადასაწყვეტია.
რუსლან აბაშიძე სკანდალში 2018 წელს გაეხვა, როცა მას თბილისი ჰილს გოლფ ენდ რეზიდენზის ხელმძღვანელობა თანხების მითვისებაში ადანაშაულებდა.
გუშინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ აბაშიძეს შესაძლოა, სახელმწიფო მინისტრის პოსტზე ქეთევან ციხელაშვილი შეეცვალოს. რუსლან აბაშიძემ ეს ინფორმაცია კურიერთან არ დაადასტურა.