„ჩვენი განზრახვა არის ის, რომ ხვალინდელი დღე გავათავისუფლოთ ამ ორპოლუსიანი დახუთულობისგან,“ - ამ განცხადებით მიმართა მოძრაობა დაიცავი საქართველოს ლიდერმა შეკრებაზე მისულ საზოგადოებას.
დავით მაღრაძემ ბიძინა ივანიშვილის ის განცხადება გააკრიტიკა, სადაც ოცნების ლიდერმა სანდრო გირგვლიანის საქმეზე ლევან მურუსიძე გმირად გამოიყვანა, ხოლო ოჯახის ადვოკატი, შალვა შავგულიძე, მკაცრად გააკრიტიკა.
„ახალ სამართალს გვთავაზობენ ქვეყანაში, ჩემი აზრით, ახალ სამართლიანობის თეორიას, სადაც გირგვლიანის საქმეზე ბატონი მურუსიძე აღმოჩნდა ის, ვისითაც უნდა აღფრთოვანდეს საზოგადოება, შავგულიძე აღმოჩნდა დამნაშავე - ასეთი სამართალი ვერ დადგება საქართველოში, ამას არასდროს შეეგუება ქართული საზოგადოებრიობა,“ - განაცხადა მაღრაძემ.
შეკრებაზე იმყოფებოდნენ ოცნებიდან წასული დეპუტატები, რომლებიც მაღრაძის შეფასებით, შეეწინააღმდეგნენ „ამ თავსმოხვეულ უსამართლობას“.
„მგონი, პარლამენტს ღირსებაც შესძინეს იმ დეპუტატებმა, ვინც შეეწინააღმდეგნენ ამ ძალადობით შემოთავაზებულ, უფრო სწორად ეს შემოთავაზება აღარ არის, ეს არის მცდელობა, თავს მოახვიო ადამიანებს ისე, როგორც შენ გჯერა და იმ სამართალში აცხოვრო ქვეყანა, როგორიც შენ მიგაჩნია, რომ ის არის სამართალი, რადგან შენ ასე ფიქრობ, ამიტომ ის არის სამართალი,“ - განაცხადა მაღრაძემ.
ბიძინა ივანიშვილმა იმედთან ინტერვიუს დროს დავით მაღრაძეც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ დავით მაღრაძის მიერ მის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები მისთვის მოულოდნელი იყო.
ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუში იურისტ შალვა შავგულიძეს უმძიმესი ბრალდება წაუყენა და სანდრო გირგვლიანის ოჯახის ადვოკატობის პარალელურად, წინა ხელისუფლებასთან გარიგებაში დაადანაშაულა.
ტელეინტერვიუს დროს ივანიშვილი მაყურებლის დარწმუნებას ცდილობდა იმაში, რომ გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულების მსუბუქი სასჯელი არა მოსამართლე ლევან მურუსიძის, არამედ ადვოკატ შავგულიძის ბრალი იყო.