მიგრანტების ევროპის ტერიტორიაზე უკანონოდ გადაყვანის საქმიანობაში ქართველებიც არიან ჩართული.
ინფორმაციას ამის შესახებ ყოველკვირეული იტალიური გაზეთი ესპრესო ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ახალ ბიზნესს გავლენიანი კრიმინალური კლანები, კერძოდ კი რუსული მაფია ხელმძღვანელობს. მათ მიგრანტები ევროპაში ამერიკის დროშის ქვეშ მცურავი ძვირადღირებული ნავებითა და იახტებით გადაჰყავთ, ეკიპაჟის წევრები კი ან რუსები ან ქართველები არიან.
სტატიის თანახმად, მგზავრობა სტამბოლიდან იწყება და ძირითადად სიცილიის სანაპიროზე სრულდება.
ჟურნალისტი იმასაც წერს, რომ მგზავრები ყველაზე ხშირად სირიელი, ქურთი და ერაყელი მიგრანტები არიან.
მოვაჭრეებს ერთი იახტით იტალიაში 70-ზე მეტი მიგრანტი ჩაჰყავთ, თითოეული მათგანისგან კი სანაცვლოდ 10 ათას ევროს იღებენ.