ყველა ერთის წინააღმდეგ - ოპოზიციის სრული სპექტრი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ერთიანი ბრძოლის დასაწყებად ემზადება. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პარტიები და ლიდერები ქართული ოცნების თავმჯდომარეს უპირისპირდებიან. ვინც ბიძინა ივანიშვილთან ერთად 2012 წელს კარდაკარ დადიოდა, ახლა ამბობს, რომ მან ნდობა დაკარგა.
ირაკლი ოქრუაშვილი ათონელის 6 ნომერში მდებარე ოფისში, სადაც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დამოუკიდებელი პოლიტიკური აქტიურობა დაიწყო, ახალი პოლიტიკური გეგმებით ბრუნდება.
ახალი პარტიისთვის სიმბოლურად ისევ ძველი ოფისი შეარჩია. ოქრუაშვილის აზრით, ქვეყანაში ყველა უბედურების სათავე ბიძინა ივანიშვილია. მისი თქმით, აქტიურ ბრძოლას იწყებს იმისთვის, რომ მართვის სადავეებს ქართული ოცნების თავმჯდომარე ჩამოაშოროს.
ბიძინა ივანიშვილის მმართველობამ პოლიტიკური პარტიები და ლიდერები, რომლებიც სხვადსხვა დროს ერთმანეთის ყველაზე მწვავე ოპონენტები იყვნენ, ახლა ერთიანობის აუცილებლობაზე აალაპარაკა.
დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ ძალების სრული მობილიზაციით, ბიძინა ივანიშვილის დამარცხება შესაძლებელია. 2-პუნქტიანი გეგმა, რომელსაც რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ოპოზიციას სთავაზობს, ყველა პროდასავლური პარტიის საერთო მიზნისთვის ძალების გაერთიანებას გულისხმობს. ის დარწმუნებულია, რომ ნაციონალური მოძრაობის და მიხეილ სააკაშვილის გარეშე ბრძოლა წარმატებული ვერ იქნება.
ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი ყოფილი თანამებრძოლი, გუბაზ სანიკიძე, ამბობს, რომ ოლიგარქის მმართველობა დასასრულს უახლოვდება.
ერთი მიზნისთვის ოპოზიციის ერთიანობას შალვა ნათელაშვილი აუცილებელს უწოდებს. ლეიბორისტული პარტიის ლიდერის თქმით, ოპოზიციის გაზაფხული შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური შემოდგომა აღმოჩნდეს.
სანდო წყარო კურიერს უყვება, რომ მმართველი გუნდის ნაწილი ცდილობს, ივანიშვილი ვადამდელი არჩევნების დანიშვნაში დაარწმუნოს, რადგან ოპოზიციის საყოველთაო მობილიზაციის ფონზე, ხელისუფლების ოპონენტები მომზადებას ვერ მოასწრებენ და ასეთ შემთხვევაში, ქართულ ოცნებას გამარჯვების შანსი ექნება.