19 ნოემბერი 2024,   07:40
ვრცლად
იმედგაცრუებულების კრება ფილარმონიაში - 7 წლის წინ მიძინებული მოძრაობა "დაიცავი საქართველო" ხელისუფლების ცვლილებას ითხოვს

იმედგაცრუებულების კრება ფილარმონიაში - შვიდი წლის წინ მიძინებული მოძრაობა დაიცავი საქართველო დღეს ცვლილებების მოთხოვნით გამოვიდა. 2012 წლამდე ამ მოძრაობის წევრების და ლიდერების მთავარი პოლიტიკური მეტოქე მაშინდელი ხელისუფლება იყო, იბრძოდნენ ყველაზე რადიკალური ფორმით და ყველაზე რადიკალური აქციებით, ახლა უფრო ფრთხილები არიან.

შეხვედრა ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერის და დამცველის - პოეტ დავით მაღრაძის, ინიციატივით გაიმართა. პოეტმა იმედგაცრუებულთა კრებაზე დაჰპატიჟა ყველა, ვინც ფიქრობს, რომ ქართულმა ოცნებას 2012 წლის გზას გადაუხვია და ქვეყანა სხვა მიმართულებით მიჰყავს.

დაპირების მიუხედავად, დავით მაღრაძეს ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი არც სცენაზე უხსენებია. პოეტმა შეკრებილებს მხოლოდ ის უთხრა, რომ მმართველმა გუნდმა წითელი ხაზები გადაკვეთა და უნდა წავიდეს.

ხელისუფლების ცვლილებაზე დღეს საპარლამენტო უმრავლესობიდან ბიძინა ივანიშვილის ყოფილი თანამებრძოლებიც ღიად საუბრობდნენ. თუმცა, ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე საუბარს გაურბოდნენ. დეპუტატების ნაწილი კი ივანიშვილის განცხადებებს სასამართლოსთან დაკავშირებით, მხოლოდ გადაცდომად აფასებს.

ერთადერთი, ვინც დღეს ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე ღიად ილაპარაკა, ლევან გოგიჩაიშვილი იყო. დეპუტატმა პირდაპირ თქვა, რომ ახალი მოძრაობის მიზანი ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორებაა.

შეხვედრაზე სტუმრის სტატუსით მისულების ნაწილმა გზავნილები დარბაზში მოისმინა და ფილარმონიიდან გამოსვლის შემდეგ თქვა, რომ ისევ ივანიშვილის ერთგული რჩება და მეგობრობის მიუხედავად, დაიცავი საქართველოს წევრებთან საერთო ღირებულებები ვერ დაინახა.

ორგანიზაციამ, რომელიც 2007 წლიდან რადიკალური აქციების ორგანიზატორი იყო, აქტიური პოლიტიკური საქმიანობა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეაჩერა. უცნობია, ვინ აფინანსებს საზოგადოებრივ მოძრაობას.

მიიღებს თუ არა დაიცავი საქართველო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, ჯერ უცნობია. მორიგი შეხვედრის თარიღი ორგანიზაციის ლიდერს არ დაუანონსებია.

 

 

ავტორი: თათია წოწონავა 

ამავე თემაზე
დღის ამბები