მთავრობა, ანაკლიის კონსორციუმთან და საერთაშორისო ინვესტორებთან შესახვედრად ემზადება. ამის შესახებ განცხადება ეკონომიკის მინისტრმა გააკეთა. გიორგი ქობულიას თქმით, შეხვედრის მთავარი თემა ტვირთბრუნვების გარანტიებია. რაც შეეხება "თიბისი ბანკის" და ანაკლიის პორტის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, გიორგი ქობულიას განცხადებით, საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე ამან გავლენა იქონია.
„იქნება შეხვედრა, ამ შეხვედრისთვის ჩვენ მზად ვართ. რა თქმა უნდა ძირითადი დისკუსია იქნება ტვირთების გარანტია და კრედიტორების გარანტიების საკითხი. აქ არის ლაპარაკი რა თქმა უნდა იმაზე, რომ კონსორციუმმა უნდა შეასრულოს აგრეთვე თავისი ვალდებულება და ამაზეც იქნება ლაპარაკი. კონსორციუმის პირობა არის საკუთარი კაპიტალის 100 მილიონ დოლარამდე შეგროვების საკითხი და ამასთან დაკავშირებით დასაბუთების წარმოდგენა, რომ ეს პირობა შესრულებულია. მე მგონია, რომ იქნება არასერიოზული, რომ ვთქვათ, რომ ესეთი ტიპის გახმაურებული შემთხვევები არ ახდენს ნეგატიურ ზეგავლენას ჩვენს იმიჯზე და საინვესტიციო მიმზიდველობაზე. რა თქმა უნდა ჩვენ მაქსიმალურად უნდა ავარიდოთ თავი მაგრამ სამწუხაროდ ესეთი შემთხვევები ხდება ყოველთვის და ყველგან,“-განაცხადა გიორგი ქობულიამ.