არ ვიცი რაზე საუბრობთ - ასეთია ქეთევან ციხელაშვილის პასუხი კითხვაზე, იგულისხმა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა ის, როდესაც თქვა, რომ არ მოსწონს რამდენიმე მინისტრის მუშაობა, მათ შორის ერთ-ერთი ქალია. სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში აცხადებს, რომ მან არ იცის რა მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე საუბრობს მედია.
„თქვენ რაღაც ინფორმაციებს ავრცელებთ. მე არ ვიცი, რაზე საუბრობთ ამიტომ ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ,“-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
დღეს ანალოგიური განცხადება გააკეთა ეკონომიკის მინისტრმაც. ინფორმაცია, გიორგი ქობულიას და ქეთევან ციხელაშვილის მოსალოდნელ გადაყენებასთან დაკავშირებით მას შემდეგ გავრცელდა, რაც ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში ღიად გამოხატა უკმაყოფილება სამი მინისტრის მუშაობაზე და მოგვიანებით ამ საკითხზე კონსულტაციები პრემიერ-მინისტრმაც დაადასტურა.
დღეს უკვე მამუკა ბახტაძე სამთავრობო ცვლილებებზე დასმულ კითხვას აღარ პასუხობს. პრემიერ-მინისტრმა დღეს მედიის შეკითვებს თავი აარიდა.