19 ნოემბერი 2024,   07:46
ვრცლად
"დღევანდელი მთავრობა არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი შემადგენლობა"- "ოცნებაში" საკადრო ცვლილებებს გამორიცხავენ

მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე  „ქართულ ოცნებაში“ აღარ საუბრობენ. პარტიაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე რაიმე სახის გადაადგილებებზე მუშაობა არც პოლიტსაბჭოს დონზე დაწყებულა.

მთავრობაში შესაძლო საკადრო ცვლილებებზე საუბარი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ბიძინა ივანიშვილმა განცხადება ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში გააკეთა. მან მკაცრად გააკრიტიკა რამდენიმე მინისტრი, რომელთა ვინაობა არ დაასახელა თუმცა თქვა, რომ ისინი მინისტრთა კაბინეტის სუსტ რგოლს წარმოადგენენ.

ბიძინა ივანიშვილის ამ განცხადების შემდეგ კულუარებში განხილვის საგანი გახდა თუ რომელიც მინისტრი მოხვდა „ოცნების“ ლიდერის ე.წ. შავ სიაში. თუმცა მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ საკადრო ცვლილებებს პარტია არ განიხილავს.  

„არაფორმალური მმართველობა რა შუაშია? ბიძინა ივანიშვილის ვინ არის?!-მმართველი პარტიის თავმჯდომარე გახლავთ. რაც შეეხება ცვლილებებს ამაზე გუნდში მსჯელობა არ ყოფილა. თუ რაიმე გადაწყვეტილება იქნება ამასთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის,“-განაცხადა კახა კალაძემ.

საკადრო ცვლილებებს არ ელოდება არც ინფრასტრუქტურის მინისტრი. ვიცე-პრემიერი ამბობს, რომ მინისტრთა ასეთი კარგი შემადგენლობა, როგორიც ახლაა წლების განმავლობაში ქვეყანას არ ჰყოლია.

„ჩვენი სისუსტე და სიძლიერე თითოეული მინისტრის პირველ რიგში ჩვენი გაკეთებული საქმეები და მიღწეული შედეგებით ფასდება. მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი დღევანდელი მთავრობა არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი შემადგენლობა, რომელიც წლების განმავლობაში გვქონდა. რა თქმა უნდა ყოველთვის შეიძლება ვინატროთ უკეთესი, მაგრამ ამ შემთხვევაში დაგარწმუნებთ, რომ ეს არის ის გუნდი რომელიც ძალიან აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა უკეთესი გავხადოთ,“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე დასმულმა შეკითხვამ გააღიზიანა ეკონომიკის მინისტრი. მან მედიის კითხვებს თავი აარიდა. შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ, კულუარებში სწორედ გიორგი ქობულია სახელდებოდა იმ მინისტრებს შორის, რომელმაც შესაძლოა თანამდებობა დატოვოს.

დღის ამბები