19 ნოემბერი 2024,   07:25
ვრცლად
„მოქალაქეებს არ სჭირდებათ დაჩქარებული გადაწყვეტილებები" - ყოფილი მოსამართლე სადავო კანონპროექტზე საუბრობს

„მოქალაქეებს არ სჭირდებათ დაჩქარებული გადაწყვეტილებები. მათ სჭირდებათ სამართლიანი გადაწყვეტილებები,“ - ეს განცხადება, ყოფილმა მოსამართლემ მაია ბაქრაძემ იმ სადავო კანონპროექტზე გააკეთა, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევას შეეხება.

ის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას ესწრება, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ოპოზიციის მოთხოვნის მიუხედავად, რომ სხდომა გადადებულიყო, მმართველი გუნდი საკითხს მაინც განიხილავს.

მესამე სექტორის შეფასებით, კანონპროექტი სასამართლო სისტემაში არსებული კლანის ინტერესებს ემსახურება.

„არგუმენტი მოვისმინეთ, რომ თითქოს, სასამართლოებში სიმცირეა, დიახ, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა სიმცირეა, მაგრამ საზოგადოების განწყობა, რომელიც რატომღაც არ ესმით პარლამენტში, არის ის, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღონ,“ - განაცხადა ყოფილმა მოსამართლემ, მაია ბაქრაძემ.

ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი დღევანდელი სხდომის გადადებას იქამდე ითხოვდა, ვიდრე ვენეციის კომისიის სხდომის დასკვნა არ გახდებოდა ცნობილი, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობამ ეს მოთხოვნა არ გაითვალისწინა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები