საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, კარლ ჰარცელი სოფელ ნარაზენში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. საუბარია გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის უკანონო თვალთვალზე, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
კარლ ჰარცელი წინასაარჩევნოდ დაძაბულობის შემცირების აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, ყველა მხარემ უნდა გაითვალისწინოს ის მაგალითები და დარღვევები, რომელიც ბოლო, საპრეზიდენტო არჩევნებზე დაფიქსირდა.
„დასკვნა, რომელიც გამოვიტანეთ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებიდან საკმაოდ ნათელია. პოლარიზებული და დაძაბული გარემო პრობლემატური იყო ისეთი გარემოს შესაქმნელად, სადაც ამომრჩეველს დამოუკიდებელი და ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება ექნებოდა. რაც შეეხება მაისში დაგეგმილ არჩევნებს, საჭიროა დაძაბულობის შემცირება. დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ყველამ ისწავლა გაკვეთილი შემოდგომაზე ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებიდან. მაისის შუალედური არჩევნები უნდა გახდეს ნაბიჯი ნაკლებად პოლარიზებული და უფრო მეტად კონსტრუქციული დებატებისთვის“ - კარლ ჰარცელმა.
გასულ კვირას, სამეგრელოში, სოფელ ნარაზენში სანდრა რულოვსსა და ამომრჩევლებს შორის მიმდინარე შეხვედრას უცნობი პირები უთვალთვალებდნენ. ოპოზიციის წარმომადგენლებმა მათი დადგენის მიზნით და უკანონო თვალთვალის გამო პოლიცია გამოიძახეს. პოლიციის მისვლას ხმაური მოჰყვა. სამართალდამცველებმა ხულიგნობის ბრალდებით არა მოთვალვალეები, არამედ ენმ-ს ის წევრები დააკავეს, ვინც პოლიცია გამოიძახა.