ხმაურის ფონზე მიმდინარეობს პარლამენტში უმრავლესობის კანონპროექტის განხილვა, რომელიც უზენაესი სასამართლოს წევრების შერჩევას უკავშირდება. დღევანელ მოსმენებზე ყველაზე ხმაურიანი მაინც სულხან სალაძე იყო, რომელმაც მოსამართლეებზე ზეწოლის კიდევ ერთი სკანდალური ფაქტის შესახებ განაცხადა. გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ერთ-ერთი მოსამართლის კაბინეტი დაუდგენელმა პირებმა გატეხეს, შეიპარნენ და სამუშაო მაგიდაზე უხამსი ფოტოები დაუტოვეს. ამ ფორმით კლანის არაწევრ მოსამართლეს დაემუქრნენ. საქმე კი მხოლოდ იმით დასრულდა, რომ კაბინეტს საკეტი გამოუცვალეს.
„ეს ადამიანი, ვისთანაც მე მქონდა საუბარი, როგორც ამბობდა ეს იყო ჩაკეტილი ოთახი, რომლის გასაღებიც მას ჰქონდა. მეორე დღეს დახვდა ღია და სამუშაო მაგიდაზე იყო ფურცელი ამობეჭდილი პრინტერიდან, სადაც უცენზურო რაღაც გამოსახულება იყო წარმოდგენილი. მოქმედი მოსამართლეა. ეს იყო შეტყობინება და მესიჯი კონკრეტული მოსამართლის მისამართით, რომ მას უნდა სცოდნოდა სად იყო მისი ადგილი და მას უნდა სცოდნოდა რომ ვინ არის სასამართლო სისტემაში გადაწყვეტილების მიმღები პირი,“-განაცხადა სულხან სალაძემ.
უკავშირდება თუ არა მოსამართლის მიმართ მუქარა რაიმე კონკრეტულ საქმეს, ამაზე სულხან სალაძე არ საუბრობს. მისი თქმით ეს იყო კონფიდენციალური საუბარი ამიტომ მეტ დეტალს არ გაახმაურებს.