19 ნოემბერი 2024,   07:46
ვრცლად
სასწავლო პროცესი მოსწავლეებისთვის უსაფრთხო აღარ არის - სკოლების ყოფილი დირექტორები

სასწავლო პროცესი მოსწავლეებისთვის უსაფრთხო აღარ არის - ასე ეხმაურებიან ოპოზიციის წარმომადგენლები სკოლებში ცეცხლსასროლი იარაღისა თუ ადამიანის წამებისთვის განკუთვნილი ნივთების ამოღებას.

ხელისუფლების ოპონენტები, რომლებიც ადრე სკოლის დირექტორები იყვნენ, კატასტროფულს უწოდებენ მანდატურის სამსახურის მიერ წარდგენილ იმ შედეგებს, რომლის მიხედვითაც, 2018 წლის 17 სექტემბრიდან 2019 წლის აპრილამდე, სკოლებში 66 ათასამდე დარღვევა გამოვლინდა და ამოღებულია 853 აკრძალული ნივთი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დავით ლაგვილავა ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში სტატისტიკა გაყალბებულია და მონაცემები კიდევ უფრო საგანგაშოა ხოლმე. 51-ე სკოლის ყოფილმა დირექტორმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე გაიხსენა და საქმის გამოძიების აუცილებლობაზე ისაუბრა.

„ხშირად სტატისტიკაც გაყალბებულია ხშირ შემთხვევაში იმიტომ, რომ სკოლის დირექტორი, ხელმძღვანელები, როგორც წესი, მალავენ დანაშაულებს, რომ შემდგომ მათი პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგეს. ის შედეგი, რაც არის სტატისტიკურად, ისიც სავალალო და კატასტროფულია. ეს არის შედეგი იმისა, რომ ხელისუფლება ახალისებს მსგავსი ტიპის დანაშაულების არგამოძიებას, დამალვას. შედეგი იმისა, რომ თუნდაც, წელიწადნახევრის წინ გახმაურებულ საქმეზე, ტრაგედიასთან დაკავშირებთ რეალური დამნაშავეები არ დასჯილან. განათლების სისტემა მთლიანად მოშლილია. ამაზე პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ხელისუფლებამ უნდა აიღოს,“ - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის” საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დავით ლაგვილავამ.

ხელისუფლების ოპონენტების აზრით, ქვეყანაში გაზრდილი კრიმინალი უარყოფითად სკოლებსა და მოსწავლეებზეც აისახება. მათი თქმით, ქვეყანაში განათლების სისტემა მოშლილია.

„სულაც არ არის გასაკვირი, რომ ქვეყანაში გაზრდილი კრიმინალი და გაუარესებული კრიმინოგენული მდგომარეობა, თავისებურ ანარეკლს აკეთებს სასწავლო პროცესზეც. სასწავლო პროცესი მოსწავლეებისთვის უსაფრთხო აღარ არის,“ - განაცხადა ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, მარიამ რამინაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები