„ერთადერთი ბერკეტი, რაც დარჩა ხელისუფლებას, ეს არის ძალის დემონსტრირება“ - ეს განცხადება "საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" თავმჯდომარემ, ბაჩუკი ქარდავამ, ზუგდიდში, მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, კრიმინალური წარსულის მქონე პირების ჩართვასთან დაკავშირებით გააკეთა.
ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, "ქართული ოცნების" კანდიდატს მოსახლეობის მხარდაჭერა არ აქვს. მისი თქმით, ხმების მიღების მიზნით, ხელისუფლებას ერთადერთი გზა, ძალის დემონსტრირება დარჩა.
„თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ "ქართულ ოცნებას" და მათ კანდიდატს ზუგდიდში მხარდაჭერა ნამდვილად არ აქვს. ერთადერთი ბერკეტი, რაც დარჩა ხელისუფლებას, ეს არის ძალის დემონსტრირება. ისინი არ ერიდებიან არაფერს, არც დაშინებას. ცდილობენ პირადობის მოწმობები ჩამოართვან ამომრჩეველს, იციან ვინ არის ამომრჩეველი ოპოზიციის რეალურად და მათ პირადობის მოწმეებს ართმევენ. ხშირ შემთხვევაში, ცდილობენ მათ თანხები გადაუხადონ. დაჭერები, ყველა ტიპის ძალადობაა. ანუ, ფაქტობრივად, ხელისუფლება არ მუშაობს ამომრჩეველთან, ისინი არ ცდილობენ ხმების მოპოვებას. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ მხარდაჭერა მათ არ გააჩნიათ,“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
”საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე, პაატა დავითაია აცხადებს, რომ პირების, რომლებიც დანაშაულებრივ ქმედებებს ჩადიან და ამომრჩეველზე ზეწოლას ახორციელებენ, მათი პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება.
„ძალიან მჭიდრო რეჟიმში ვართ და პარტნიორულ რეჟიმში ვართ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ვაწვდით ყველა იმ გვარებს, რის გამოვლინებაც ხდება. აუცილებლად მოხდება ამის შეფასება და მოხდება საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ამაზე რეაგირება. მინდა მოვუწოდო ყველას, ვინც დანაშაულებრივ ქმედებას ჩადის და ასრულებს გარკვეულ ბრძანებებს, რომ აუცილებლად დადგება მათი პასუხისმგებლობის საკითხი, იმიტომ რომ არავის არ აქვს უფლება ამომრჩეველზე განახორციელოს ზეწოლა,“ - აცხადებს პაატა დავითაია.
ზუგდიდში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ საუბრობს მამუკა გამყრელიძე. საზოგადოებრივი ორგანიზაციის ”საქართველო ლიდერთა შორის” დამფუძნებელი აცხადებს, რომ სანდრა რულოვსის კანდიდატის მიმართ, ზუგდიდში საკმაოდ პოზიტიური განწყობაა.
„ყველას განწყობა არის ისეთი, რომ ჩვენ ეს ხელისუფლება მოგვბეზრდა, ჩვენ გვინდა ცვლილებები. სანდრას მიმართ არის არაჩვეულებრივი განწყობა, ძალიან პოზიტიური, შესაბამისად, მე ველოდები ძალიან კარგ შედეგებს. თუ ხალხს ეშინია, მე მინდა ხალხი დავარწმუნო, რომ ჩვენ არაფრის არ გვეშინია და მათ გვერდზე ვიქნებით,“ - განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, "კურიერს" კონფიდენციალური წყარო უყვება, რომ სოფელ ტყაიაში ადგილობრივებზე ზეწოლას ახდენს და მმართველი გუნდის სასარგებლოდ აგიტაციას ეწევა ნუკრი შონია, რომელიც 2010 წელს ტერორიზმისთვის გაასამართლეს.