19 ნოემბერი 2024,   07:22
ვრცლად
ციხე საცხოვრებელი ზონის მიმდებარედ - გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები ჭყონდიდელის დასახლებაში იმყოფებოდნენ

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, იმყოფებოდნენ. ოპოზიციის წევრები აქციის მონაწილეებს შეხვდნენ. ადგილობრივები იქ საცხოვრებელი ზონის მიმდებარედ ციხის მშენებლობას აპროტესტებენ.

მოძრაობა ძალა ერთობაშიას ლიდერები მოსახლეობას სოლიდარობას უცხადებენ და ამბობენ, რომ არ არსებობს საჭიროება იმისა, რომ დასახლებულ ტერიტორიაზე სასჯელაღსრულების დაწესებულება აშენდეს.  

გარდაბნისკენ რომ მიდიხარ, მარცხენა მხარეს ორი ციხეა და ამ ციხეების გარშემო უზარმაზარი თავისუფალი ტერიტორიაა. რა საჭიროებაა ჭყონდიდელის დასახლების შუაში ციხის აშენების? ამაზე პასუხი არ არსებობს. ერთადერთი პასუხია - ვიღაცის მარცხენა ფეხმა მოინდომა, რომ აქ ყოფილიყო ციხე,“ – განაცხადა ოპოზიციური გაერთიანება ძალა ერთობაშიას ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ. 

„მავნებლობას“ უწოდებს ჭყონდიდელის დასახლებაში სასჯელაღსრულების დაწესებულების აშენებას პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრი, მამუკა ჩიქოვანი. მისი თქმით, ხელისუფლებამ უკან უნდა დაიხიოს.

„ეს არის დიდი მავნებლობა რუსთაველების წინაშე. არ არის ეს პრობლემა მხოლოდ და მხოლოდ ჭყონდიდელის დასახლებაში მცხოვრებლების პრობლემა და ვფიქრობ, რომ ახლა ჩვენ გვჭირდება, რუსთაველებს გვჭირდება ყველას დახმარება, ყველას გვერდში დგომა. ჩვენ უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ დაიხიოს უკან,“ - აცხადებს მამუკა ჩიქოვანი.

პარტია კანონი და სამართალის თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი, დასახლებულ უბანში ციხის აშენებას ეწინააღმდეგება და ამბობს, რომ მოსახლეობასთან ერთად ინტენსიურ გამოსვლები დაიწყება.

 

 

დღის ამბები