პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი გადარჩა. გუშინ მთელი მსოფლიო სუნთქვაშეკრული უყურებდა, როგორ ანადგურებდა გიგანტური ცეცხლის ალი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ცნობილ კულტურის ძეგლს.
ხანძარი იმდენად კატასტროფულად გამოიყურებოდა, რომ ტაძრის გადარჩენის იმედი პრაქტიკულად არავის ჰქონდა. ცეცხლის ჩაქრობიდან რამდენიმე საათში კი გაირკვა, რომ საფრანგეთი და მთელი მსოფლიოც უდიდეს დანაკლისს გადაურჩა.
ჩვენი ქალბატონი - სწორედ ასე ითარგმნება ფრანგულიდან ნოტრ დამი - საფრანგეთის ეროვნული სიმბოლოს სახელწოდება.
ცეცხლი ყველაზე მაღალ კოშკს ეკიდა, რომელიც მე-12 საუკუნეში დაწყებულ ტაძარს მე-19 საუკუნეში დაადგეს. ფრანგები ლოცულობდნენ, რის შენებასაც თითქმის 700 წელი მოანდომეს, 7 წუთში არ განადგურებულიყო.
დღეს დილით მოქალაქეებს აუწყეს, რომ სტიქიას გადაურჩა იქ დაცული მთავარი ქრისტიანული სიწმინდე - ქრისტეს ეკლიანი გვირგვინი და ლურსმანი, რომლითაც ჯვარს აცვეს. ასევე, ჯვრის ფრაგმენტი.
სიწმინდეები პარიზში ლუი მეცხრემ კვართში გამოწყობილმა ჩაიტანა. ხანძარს ეს კვართიც გადაურჩა.
არ დაზიანებულა ქვის ნაგებობა, სამი ცნობილი ვიტრაჟი და სამრეკლოს ზარები. წმინდანთა დიდი ზომის ქანდაკებები სარესტავრაციო სამუშაოებს ხანძრამდე რამდენიმე დღის წინ გაარიდეს. ცეცხლს გადაურჩა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ორღანიც.
დარჩენილი ნივთების ნაწილი პარიზის მერიაში გადაიტანეს. საგანძურს კი ლუვრის მუზეუმში დააბინავებენ.
გუშინ მთელი მსოფლიოს ყურადღება პარიზის ღვთისმშობლის ტაძრისკენ იყო მიპყრობილი. ნახევარი მსოფლიო ფიქრობდა, რომ გაუმართლა, რამდენადაც მისი ნახვა ერთხელ მაინც მოასწრო, მეორე ნახევარი ნანობდა, რომ დააგვიანა.
ვიქტორ ჰიუგოს რომანის წყალობით იქცა პარიზის პირველი ტაძარი ლიტერატურულ ძეგლად და მსოფლიოს კულტურის კუთვნილებად. გასულ ღამით მან საფრანგეთის #1 ეროვნული სიმბოლოს სტატუსი დაიბრუნა, რომელსაც ას წელზე მეტია, ეიფელის კოშკს უთმობს.
კვირის ბოლოს კი კათოლიკური აღდგომის დღეს ქრისტიანული სამყაროს ცენტრსაც გადასწევს რომის წმინდა პეტრეს ტაძრიდან პარიზში.