19 ნოემბერი 2024,   07:43
ვრცლად
დაკანონდება თუ არა ცენზურა - რუსთავი2-მა და ნიკა გვარამიამ პარლამენტიდან მუქარანარევი გაფრთხილება მიიღო

მუქარა და გაფრთხილება ქართული ოცნების წევრისგან ნიკა გვარამიამ პარლამენტის სხდომიდან მიიღო. დიმიტრი ხუნდაძე სხდომაზე წინასწარ დაწერილი ტექსტით მივიდა და მუქარანარევი განცხადება ბოლომდე ჩაიკითხა.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის თქმით, თმენის ვალდებულებასა და თანამდებობაზე მაღლა ღირსება დგას.

რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის ამ განცხადებას ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარა და დაშინების მცდელობა უწოდა.

ნიკა გვარამიამ ძალოვან უწყებას ამ ფაქტით დაინტერესება მოსთხოვა. რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიურმა კორპუსმაც უნდა შეისწავლონ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს არ დაუმალავთ, რომ დიმიტრი ხუნდაძის ეს განცხადება საგანგებოდ ნიკა გვარამიასთვის გაკეთდა.

მათი თქმით, რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის უცენზურო სიტყვებს, რომელსაც ნიკა გვარამია ბიძინა ივანიშვილის მიმართ იყენებს, ძალიან განიცდიან.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებით, თუ პირდაპირ ეთერში ბილწსიტყვაობა კანონით დარეგულირდება, ამას მხარს დაუჭერენ.

პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ, კი პირდაპირ ეთერში უცენზურო სიტყვების გამოყენებას "დანაშაული" უწოდა.

ოპოზიცია კი სიძულვილის ენის დამკვიდრებაში მმართველ პარტიას ადანაშაულებს. მათი თქმით, წლების განმავლობაში ქართული ოცნება იყო მთავარი ხელშემწყობი იმისა, რომ ქვეყანაში ძალადობრივი გარემო შექმნილიყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები