თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლე, ლევან მურუსიძე, არასამთავრობოების განცხადებას სასამართლო სისტემაში „მურუსიძე-ჩინჩალაძის“ კლანის არსებობაზე გადაცემა არჩევანში ეხმაურება.
მურუსიძე იმ საკითხებს განმარტავს, რატომ მოიხსენიებს მესამე სექტორი მის გვარს.
„დღეს ვარ მოსამართლეთა ასოციაციის თავმჯდომარე და ყველა ის თემა, რაც მიმდინარეობდა სასამართლოს წინააღმდეგ, მე ვიყავი ბრძოლის ავანგარდში. შესაბამისად, მე წარმოვადგენდი სასამართლო სისტემას და მიმაჩნდა, რომ თითოეული ჩემი ნაბიჯი მიმართული იყო იქითკენ, რომ მოეპოვებინა სასამართლოს დამოუკიდებლობა და ეს დამოუკიდებლობა რომ მოიპოვა სასამართლომ, იქიდანაც ჩანს, რომ აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური პარტია, ეს ეხება როგორც პოზიციას, ასევე ოპოზიციას, ქართული ოცნების დეპუტატებიც კი კრიტიკით გამოდიან სასამართლო ხელისუფლების მიმართ, ასევე ოპოზიციაზე აღარ ვლაპარაკობ, ასევე არასამთავრობო სექტორი და ყველა, რატომღაც გაერთიანდა სასამართლოს წინააღმდეგ“ - განაცხადა მურუსიძემ.
ლევან მურუსიძე ამბობს, რომ მის მაგივრად სასამართლო სისტემაში ვინმე სხვა პირი რომ იყოს, არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებები სასამარლოს მიმართ სრულიად განსხვავებული იქნებოდა.
მურუსიძის თქმით, 2013 წელს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად სასამართლო კორპუსმა ის ფარული კენჭისყრით აირჩია. მისვე თქმით, ის ქართული ოცნების თავმჯდომარე პირველად სწორედ ამ არჩევის შემდეგ შეხვდა, მანამდე კი მათი შეხვედრა არ მომხდარა.
მურუსიძე აცხადებს, რომ სასამართლო კორპუსი მისი არჩევის დროს სრულიად დამოუკიდებელი იყო.
„როდესაც შევხვდი მე ბიძინა ივანიშვილს, მაშინ მე ვიყავი იუსტიციის საბჭოს მდივანი. შესაბამისად, მე წარმოვადგენდი სასამართლოს პოზიციას და ამის შემდეგ მოხდა შეხვედრა,“ - აცხადებს მურუსიძე.