"იმ პრინციპოთ, რა პრინციპითაც ჩვენ გვიწოდებენ "კლანს", ანალოგიურად, არასამთავრობო სექტორიც გამოდის კლანი,“ - ეს განცხადება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ, გადაცემა არჩევანში მესამე სექტორის კრიტიკაზე საპასუხოდ გააკეთა.
ლევან მურუსიძისთვის არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასება, რომ სასამართლოში კლანი არსებობს და მას მურუსიძე-ჩინჩალაძე ხელმძღვანელობს, მიუღებელია.
„ისინი ერთიანად დარაზმული, არასოდეს მათ განსხვავებული აზრი არა აქვთ, სასამართლოს ლანძღვაში არიან აბსოლუტურად ერთიანები,“ - განაცხადა მურუსიძემ.
არჩევანის ეთერში ლევან მურუსიძემ სიტყვა "კლანის" მნიშვნელობა განმარტა. მურუსიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ის სასამართლო სისტემაში ლიდერია.
„კლანი, ზოგადად, ასოცირდება პატიოსანი ადამიანის თვალში, რომ ეს არის დანაშაულებრივი ჯგუფი. ახლა რას აკეთებს ჩვენი ე.წ. კლანი სასამართლო სისტემაში. ამ 5 წლის მოღვაწეობის შედეგად, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სტრასბურგის სასამართლოში 11-ჯერ შემცირდა მიმართვიანობა... ეს არის გუნდი, რომელიც ცდილობს, რომ გააკეთოს კეთილი საქმე და საქართველოს და ქართულ სახელმწიფოს მისცეს დამოუკიდებელი სასამართლო,“ - განაცხადა მურუსიძემ.
მოსამართლის თქმით, მესამე სექტორშიც არიან ლიდერები და არსებობენ ჯგუფები. ამის მაგალითად კი ლევან მურუსიძემ გიგაური-სალაძის განცხადებები მოიყვანა.
ლევან მურუსიძე პარლამენტის მიერ დაწუნებულ 10-კაციან სიას ეხმაურება, რომლებიც უზენაესი სასამართლოში უვადოდ უნდა გამწესებულიყვნენ. მურუსიძის თქმით, აღნიშნულ სიაში მყოფები ღირსეული მოსამართლეები იყვნენ.