19 ნოემბერი 2024,   07:28
ვრცლად
"გირგვლიანია მსხვერპლი, მე მსხვერპლი არ ვარ" - ლევან მურუსიძე

„კარგი იქნებოდა, ვთქვათ, რომ საერთოდ ამ საქმის განხილვა არ შემხვედროდა, მაგრამ რა ვქნა, შემხვდა და უნდა განმეხილა,“ - ეს განცხადება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ, სანდრო გირგვლიანის საქმეზე საუბრისას გააკეთა.

ლევან მურუსიძე ამბობს, რომ კანონმდებლობიდან გამომდინარე მიიღო გირგვლიანის საქმეზე გადაწყვეტილება. მისი თქმით, ხარვეზები საქმეში იყო, მაგრამ უსამართლო გადაწყვეტილება არ მიუღია.

„საუბრობენ იმაზე, რომ ლევან მურუსიძეს შესაძლებელია, რომ ჩაედინა გმირობა და რეალურად ან მანტია გაეხადა პროტესტის ნიშნად, ან სხვა მოქმედება. კი, ბატონო, მე არ მაქვს იმის პრეტენზია, რომ ვარ გმირი და გმირობა უნდა ჩამედინა-არჩამედინა, ეს საკამათო თემაა, მაგრამ ვარ იმაში დარწმუნებული, რომ იმ პირობებში, რაც პირობებშიც საქმე იყო ამოსული უზენაეს სასამართლოში ანუ პირდაპირ გეტყვით, რომ არ არსებობდა ბრალდების მხარის საჩივარი, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, მიიღო სხვა გადაწყვეტილება, გარდა იმ გადაწყვეტილებისა, რომელიც მივიღე,“ - განაცხადა მურუსიძემ.

მოსამართლის თქმით, ის სისტემის მსხვერპლი არ ყოფილა. მურუსიძე ამბობს, რომ გირგვლიანის ოჯახის ადვოკატმა არ გაასაჩივრა გადაწყვეტილება.

„სანდრო გირგვლიანია მსხვერპლი, მე არაფრის მსხვერპლი არ ვარ,“ - ამბობს მურუსიძე.

დღის ამბები