„მურუსიძეს პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს, რომელიც დაუდგინა ბიძინა ივანიშვილმა,“ - ეს განცხადება ევროპული საქართველოს წევრმა, ელენე ხოშტარიამ, გააკეთა.
არჩევანის ეთერში საუბრისას ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, რომ სანდრო გირგვლიანის საქმე ყველა ხელისუფლებისთვის მაგალითი უნდა ყოფილიყო, თუმცა, ივანიშვილმა აღნიშნული საქმე სხვა მიზნისთვის გამოიყენა.
„აღმოჩნდა, რომ ბიძინა ივანიშვილს, განსხვავებით შალვა შავგულიძისგან, დათო ჯანდიერისგან, ვინც გულწრფელად, პროფესიულად და პრინციპულად იბრძოდნენ უსამართლობის წინააღმდეგ, ბიძინა ივანიშვილს ეს საქმე სჭირდებოდა იმისთვის, რომ 2012-ში მოსულიყო ხელისუფლებაში,“ - განაცხადა ხოშტარიამ.
ელენე ხოშტარიამ ვენეციის კომისიის დასკვნაზე ისაუბრა, სადაც მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებით არის რეკომენდაციები გაცემული.
„აბსოლუტურად ნათელი გახდა დღეს, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ვენეციის კომისიით, რომ ქართული ოცნების პატარა დაჯგუფება არის აბსოლუტურად მარტო იმ მცდელობაში, რომ ჩაიგდოს ხელში სასამართლო ხელისუფლება,“ - განაცხადა ხოშტარიამ.
ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ის რაოდენობა აირჩიოს, რომელიც აუცილებელია უზენაესი სასამართლოს სამუშაოს სამართავად. რეკომენდაციების მე-16 პუნქტში ნათქვამია, რომ მათი რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს პოზიციის ნახევარს, რომელიც ვაკანტური იქნება. დანარჩენს შემდეგი არჩევნების გზით არჩეული პარლამენტი დანიშნავს. რეკომენდაციების მიხედვით, უმნიშვნელოვანესია, რომ არჩევის მეთოდი არ ეფუძნებოდეს პოლიტიკურ ან პირად განხილვებს. დასაშვებობის კრიტერიუმი საკმარისად ფართო უნდა იყოს კანდიდატთა და წარდგენილ პირთა მრავალფეროვნებისთვის.