„კლანი არ ვიცი, მაგრამ იმ მოსამართლეების ჯგუფს, რომლებიც მას მხარს უჭერს, ფარა შეიძლება დავარქვათ," - ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სალომე სამადაშვილმა, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ლევან მურუსიძის, განცხადებების შეფასებისას გააკეთა.
ლევან მურუსიძემ სამადაშვილის კრიტიკა დღეს არჩევანის ეთერში გაკეთებული განცხადებების გამო დაიმსახურა, როდესაც აღნიშნა, რომ 2013 წლის შემდეგ სასამართლო დამოუკიდებელი გახდა, რომლის ლიდერადაც ის აირჩიეს.
„ჩემი ვარაუდია, მან ყველაზე კარგად დაალაგა ბიძინა ივანიშვილთან სამომავლო ურთიერთობები, გინდა, კლანი დავარქვათ, გინდა, ფარა დავარქვათ, იმ მოსამართლეების ჯგუფის, რომლის ინტერესებსაც ის დღესაც იცავს,“ - განაცხადა სამადაშვილმა.
სალომე სამადაშვილი ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმაურება და ამბობს, რომ დოკუმენტის თანახმად, ირაკლი კობახიძის და მისი თანაგუნდელების კანონპროექტი მორგებულია მურუსიძის კლანზე.
„ბიძინა ივანიშვილი სვავი აღმოჩნდა, რომელიც იკვებება მათ შორის სანდრო გირგვლიანის ტრაგედიაზე და დაღუპვაზე. მურუსიძეს და ბიძინა ივანიშვილს დღეს ჰყოფნით გამბედაობა, უტიფრობა და უსინდისობა, რომ ამ ტრაგედიის და დრამის გმირი, გმირი არის ჩემთვის, ეს ადამიანიც, რომელიც დღეს ჩემს გვერდზე ზის (დავით ჯანდიერი), შალვა შავგულიძეც გამოაცხადონ ანტიგმირად და მურუსიძე გამოაცხადონ მსხვერპლად, ფაქტობრივად, ამ საქმის. მართლა აღშფოთებული ვარ იმით, რაც დღეს მოვისმინეთ,“ - განაცხადა სამადაშვილმა.
დეპუტატის შეფასებით, ლევან მურუსიძე ხელისუფლებას სჭირდება, რადგან ივანიშვილის საქმეების დალაგება შეძლოს.