დღევანდელ სისტემაში სასამართლოს მართვა ხორციელდება პირდაპირ პოლიტიკური ლიდერის, ივანიშვილის მხრიდან - ეს განცხადება, "შენების მოძრაობის" ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა გააკეთა.
უსუფაშვილი გადაცემა "არჩევანში", სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ლევან მურუსიძის ინტერვიუს გამოეხმაურა და სასამართლო სისტემაში დღეს არსებული ვითარება შეაფასა.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებით, დღეს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა არ არსებობს. მისი თქმით, ვითარება მხოლოდ იმ კუთხით შეიცვალა, რომ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით სასამართლოს მართვა რამდენიმე ადამიანის ნაცვლად, მხოლოდ ერთ ადამიანს, "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს აქვს მინდობილი.
„წინა ხელისუფლების დროს სააკაშვილს სასამართლოს მართვა მინდობილი ჰქონდა რამდენიმე ქვემდგომი ადამიანისთვის. დღევანდელ სისტემაში სასამართლოს მართვა ხორციელდება პირდაპირ პოლიტიკური ლიდერის, ივანიშვილის მხრიდან. ანუ თუ მურუსიძე ამას გვეუბნება, რომ ძველ დროში სხვებისგან ვიღებდით რაღაცა რჩევებს და მითითებებს და ა.შ. და ახლა ერთ კაცსღა ვემორჩილებითო, დანარჩენი ყველასგან გავთავისუფლდითო, ამაში მართალია და ვაი, ამ სიმართლეს. სწორედ ესაა პრობლემა, რომ დამოუკიდებლობა ამ ადამიანების საკუთარ სინდისზე დამოკიდებულებას კი არ ნიშნავს, სხვის თვალებზე დამოკიდებულებას,“- განაცხადა უსუფაშვილმა.