"პანორამა თბილისის" მშენებლობაზე პასუხისმგებელმა კომპანიამ მუშების გადმოვარდნიდან მეორე დღეს, ღია ფასადზე ფიცრები დაამონტაჟა. ფაქტი "კურიერის" კამერამ დღეს დააფიქსირა. ფიცრები, ბადე ან რაიმე ტიპის დამცავი საშუალებები, დღევანდელ დღემდე ფასადზე დამაგრებული არ ყოფილა. უსაფრთხოების ზომების დაცვაზე ზრუნვა მშენებელმა კომპანიამ მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გუშინ 3 მუშა 10 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა და სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა.
სწორედ უსაფრთხოების ნორმების დაუცველობაზე ამახვილებს ყურადღებას თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ხაბეიშვილი. იგი ამბობს, რომ შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, თუ რამდენად ირღვევა უსაფრთხოების ნორმები "პანორამა თბილისის" მშენებლობაზე.
„ბეწვის ხიდზე გაიარა გუშინ ადამიანების ჯანმრთელობამ, რომ ისინი გადარჩნენ. რაც შეეხება უსაფრთხოების ზომებს, გარედან, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ არანაირი ნორმა დაცული არ არის და ბადეების მაგივრად რაღაც ფიცრები აქვთ აქ გაჭიმული. ანუ, მილიარდერის ობიექტზე მიმდინარეობს სამუშაოები ისე, რომ არანაირი ნორმები დაცული არ არის. რატომ არ არის, იმიტომ რომ მათ შორის, ჯანდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ ამხელა შენობა დედაქალაქის ცენტრში ისე აშენდა, რომ ერთხელაც კი არ შეუმოწმებიათ. დედაქალაქის მერია ამბობს, რომ ეს მეხუთე კლასის მშენებლობაა, ანუ მაყურებელმა რომ გაიგოს, „ჰაი კლასის“ მშენებლობაა და თურმე გადამოწმების უფლებაც კი არ აქვს,“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, „პანორამა თბილისის“ მშენებლობა დედაქალაქის ცენტრში, ყოველგვარი სტანდარტის დარღვევით დაიწყო. თბილისის საკრებულოს ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ "პანორამა თბილისსა" და ირგვლივ მდებარე შენობებს შორის მანძილი იმდენად იმდენად მცირეა, რომ დაშავებულები მუშების გამოყვანა სიმჭიდროვის გამო საკმაოდ გართულდა.
„რაც შეეხება სივიწროვეს, მშენებლობის დაწყების წინაც, არანაირი კანონი არ იყო გათვალისწინებული, რაც გულისხმობს იმას, რომ მინიმუმ დაშორება უნდა იყოს, მაგალითად, სამი მეტრი. ადამიანებს ამოუქოლეს საცხოვრებელი სახლები, ფანჯრები, აივნები და უსაფრთხოებისთვის გახდა სერიოზული საფრთხე. იმიტომ რომ ადამიანი რომ დაშავდა, ვერც სასწრაფო შევიდა, ვერც სამაშველო სამსახური და ძლივს გამოიყვანეს იქიდან დაშავებულები,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.
მშენებლობის ნორმების დარღვევაზე საუბრობს თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ევროპული საქართველო - თბილისის” თავმჯდომარე, გიორგი გაბაშვილიც. მისი თქმით, მშენებლობაზე შრომის უსაფრთხოების წესები სრულიად უგულებელყოფილია.
„ეს არის ოლიგარქის ხუშტურის კლასიკური ნიმუში. ჯერ შეხედეთ ამ შენობას, რომელიც არღვევს ყველანაირ კანონს და ნორმას. კულტურული მემკვიდრეობის პარამეტრებს, ვიზუალურ პარამეტრებს. შარშანაც, „პანორამა თბილისის“ პროექტის ერთი მუშა დაიღუპა და ძალიან საინტერესოა, გავარკვიოთ და მოვიკითხოთ ის გამოძიება, რომელიც მიმდინარეობდა. ეს არის ოლიგარქის მათრახის ქვეშ მიმდინარე მშენებლობა, რაც შეიძლება სწრაფად აშენდეს დავალებით,“ - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.