გაერთიანებული ოპოზიციის წევრი ბაჩუკი ქარდავა, ზუგდიდში არჩევნების გაყალბების სქემაზე საუბრობს. ბაჩუკი ქარდავამ ბრიფინგი დღეს ყოფილი მე-12 სკოლის ტერიტორიაზე გამართა. ოპოზიციის წევრის განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე საარჩევნო კომისიის მონაცემებით 100 ამომრჩეველი ცხოვრობს, რეალურად კი სკოლა უკვე 4 წელია აღარ არსებობს, მის ადგილზე კი ეკლესიის მშენებლობა მიმდინარეობს.
ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ ზუგდიდში ხელისუფლება ე.წ. კარუსელებისთვის ემზადება.
„აქ არის 893 ამომრჩეველი რეგისტრირებული და აქედან სადღაც 100-ის ფარგლებში, 50-ზე მეტი ადამიანი ფაქტობრივად არის ყალბად მიწერილი და ეს ადამიანები აქ რეალურ მისამართზე არც ცხოვრობენ და არც ალბათ წლებია უკვე არ გამოჩენილან სიახლოვეს, თუმცა არჩევნების დღეს საოცრად „ქართული ოცნების“ ლიდერების ორგანიზებით ეს ადამიანები ორგანიზებულად მოდიან ხოლმე არჩევნებზე. მე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, თუმცა ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, რომ ეს ის ადამიანებია, რომელსაც "კარუსელის" მექანიზმით იყენებს „ქართული ოცნება“ ასეთ მიწერებს,“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
გაერთიანებულ ოპოზიციას საოლქო კომისიაში დღესვე უპასუხეს. #67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ საარჩევნო სიებში 5 მაისამდე მსგავსი ხარვეზები დაფიქსირდება, საოლქო საარჩევნო კომისია საჭირო ზომებს მიიღებს და ყალბად მიწერილ ამომრჩევლებს სიიდან ამოიღებს.
„მე-12 სკოლა ყოფილი, ეკლესიის ტერიტორია ახლა, არასაცხოვრებელი ფართია და აქ ვინ სად არის მიწერილი ეგ ჩემი კომპეტენცია არ არის. კომპაქტურად დევნილების ჩასახლება მანდ არ არის და ახლა თუ ვინმე კერძო პირის ოჯახში არის და ფიქსირდება და რეგისტრაცია აქვს. ვიცი, რომ სკოლა არ არსებობს და ამისთვის არის ამომრჩეველთა ერთიანი სიები. 5 მაისამდე თუ სადმე რამე ხარვეზი დაფიქსირდება, საუბნო საარჩევნო კომისია ეტაპობრივად აწვდის ოლქს, საოლქო საარჩევნო კომისია იხილავს, ვინმე ამოსაღებია - ამოვიღებთ, ვინმე ჩასასმელია - ჩავსვამთ,“ - განაცხადა მირანდა მესხმა.