19 ნოემბერი 2024,   07:30
ვრცლად
პარლამენტის თავმჯდომარემ მოგვცა პირობა, რომ ვენეციის კომისიის რამდენიმე რეკომენდაციას გაითვალისწინებს - მშვენიერაძე

პარლამენტის თავმჯდომარემ მოგვცა პირობა, რომ რამდენიმე რეკომენდაციას, რომელიც მოცემული იყო ვენეციის კომისიის მოსაზრებებში, გაითვალისწინებს - ეს განცხადება, არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარემ, გიორგი მშვენიერაძემ გააკეთა.

ვენეციის კომისიის რომელი და რამდენი რეკომენდაციების გათვალისწინება მოხდება მმართველი გუნდის მხრიდან - პარლამენტის თავმჯდომარემ საკითხი იმ ჯგუფის წევრებს გააცნო, რომელიც სპეციალურად, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით შეიქმნა.    

ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომლის გათვალისწინების შესახებ საუბრობს პარლამენტის თავმჯდომარე, ეს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ამოღებაა.

მშვენიერაძე ამბობს, რომ შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარისგან პირობა მიიღეს, რომ რამდენიმე რეკომენდაციის გათვალისწინებასთან დაკავშირებით, პარლამენტის დარწმუნებას შეეცდება. 

„პარლამენტის თავმჯდომარემ მოგვცა პირობა, რომ რამდენიმე რეკომენდაციას, რომელიც მოცემული იყო ვენეციის კომისიის მოსაზრებებში და რომელიც ფაქტობრივად, ემთხვეოდა ჩვენს ხედვას, მანამდე რაც კი გვქონდა ამ საკითხებთან დაკავშირებით, გაითვალისწინებს. ყოველ შემთხვევაში, ის შეეცდება დაარწმუნოს საკუთარი კოლეგები, რომ მხარი დაუჭირონ ინიციატივას. ეს საკითხები არის გამოცდის მოხსნის საკითხი, ეს საკითხი არის დაკავშირებული ინტერესთა კონფლიქტთან. ამავდროულად, მსჯელობა შეეხო სხვა რეკომენდაციებსაც და მივიღეთ პირობა რომ მოსამართლეთა 18 კაციანი სიის წარდგენა საბჭოში საბოლოოდ დასამტკიცებლად დაეფუძნება მათ შეფასებას, ქულების სისტემას“ -  განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, დავით ასათიანის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, რომელიც კონკურსში მონაწილეობის მიღებას აპირებს, კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება არ უნდა ჰქონდეს. 

„კარგია, პარლამენტი რომ გაითვალისწინებს გამოცდის მოხსნის რეკომენდაციას და ასევე, ინტერესთა კონფლიქტის შეზღუდვის რეკომენდაციაც, რაც ასევე მნიშვნელოვანია, რომ როცა თავად იუსტიციის საბჭოს უმაღლესი საბჭოს წევრი მონაწილეობს შერჩევის პროცედურებში, მაშინ, რომ ზოგადად, საბჭოს მიმართ ნდობა არის დაბალი, ის არ უნდა მონაწილეობდეს არც თავის თავზე კენჭისყრაში ბუნებრივია, და არც კონკურენტების კენჭისყრაში“ - განაცხადა დავით ასათიანმა.

ავტორი: ნინო გაზდელიანი 

 

დღის ამბები